უდუმაშვილი: მოვუწოდებ “ოცნებას”, მოეგონ გონს და მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის

ამ წუთებში საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, სირცხვილის დერეფანი აქვს მოწყობილი. ისინი გენერალური პროკურორად ირაკლი შოთაძის 6 წლით არჩევას აპროტესტებენ, რომელსაც პარლამენტი დღეს აირჩევს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს გონს მოეგოს და დროულად მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის.

„დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილებ უნდა მიიღოს საქართველოს პარლამენტმა. უფრო სწორად საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგო და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებით გამოირჩევა.
დღეს აპირებენ და ბუნებრივია დაამტკიცებენ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძეს. სწორედ ამას ვაპროტესტებთ. ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ეს სამარცხვინო მეორედ მოსვლა იმ ხალხით ხელისუფლებაში, რომლებიც იმით არიან დაკავებული, რომ ბიძინა ივანიშვილი ხან ექვთიმე თაყაიშვილს შეადარონ, ხან მესიას.
ეს პროცესი ამ ქვეყანაში დასრულდება. ეს აქციები სწორედ ამას ემსახურება. ჩვენი პროტესტის და ხმაურის ფონზე მოუწევთ შოთაძის კანდიდატურის განხილვა. ვიქნებით იქ, სადაც ისინი იქნებიან. არ ვაპირებთ კომფორტი შეუქმნათ და სახელმწიფო უწყებებში ისე გადაადგილდნენ. პარალელურად ჩვენ ვემზადებით 4 აპრილის ძალიან დიდი აქციისთვის. მერე გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და დაითვალოს თავები, რამდენი ხალხია ქუჩაში შეკრებილი. ყელში ამოუვიდა მთელ ქვეყანას რეჟიმი, რომელიც ძარცვავს, ღლიტავს და გუდავს საკუთარ ხალხს.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დროულად მოეგონ გონს და დროულად მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებისთვის“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა „მთავარ არხთან“.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მხარი დაუჭირა. მის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს დღეს უყრიან. 

ცნობისთვის: საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს შეარჩია.

შეგახსენებთ: ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა.

დაკავებული თანამდებობა ირაკლი შოთაძემ  შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად