უდუმაშვილი: მოსამართლეების არჩევაზე ბესელიას დაანონსებულ აქციაზე მთელი ოპოზიცია ვიქნებით

სასამართლოს თემასთან მიმართებით, რა თქმა უნდა ჩვენც ძალიან აქტიურები ვიქნებით, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იმასთან დაკავშირებით, რომ 11 დეკემბერს მოსამართლეების არჩევის თემაზე ეკა ბესელიამ აქცია დააანონსა და შეუერთდებიან თუ არა მას.

უდუმაშვილი ამბობს, რომ ეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეტენზია კი არა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის მომავალს.

„სასამართლოს თემასთან მიმართებით, რა თქმა უნდა ჩვენც ძალიან აქტიურები ვიქნებით. უბრალოდ ველოდებით, როდის იქნება განხილვა პარლამენტში, კონკრეტულად რომელ დღეს ჩაინიშნება მოსამართლეების თემის განხილვა. იმიტომ, რომ ეს არ არის რომელიმე პარტიის თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის პრეტენზია, ეს არის ზოგადად მთელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი.

ეს ეხება მთელ ქვეყანას, ჩვენს მომავალს ეხება – ამ დანგრეულ სასამართლო სისტემაში საბოლოო ჯამში მივიღებთ თუ არა მართლა მორჩილ ჯგუფს, რომელიც მხოლოდ ივანიშვილს დაემორჩილება თუ ჩვენ გვექნება სასამართლო, სადაც ადამიანმა სამართალი უნდა იპოვოს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის ქვეყანაში. შესაბამისად რეაქციაც შესაბამისი იქნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, – ანუ უნდა ველოდოთ, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი ამ აქციაზეც იქნებით? – პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა“.

შეგახსენებთ, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საგანგებოდ მიმართავს საზოგადოებას, რომ 11 დეკემბერს, დილის 10-ის ნახევარზე, პარლამენტის შენობის წინ მივიდეს ყველა, ვისთვისაც სულერთი არ არის ქვეყნის მომავალი და გამოხატოს მძლავრი პროტესტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად