უჩა მამაცაშვილის პასუხი ტვ პირველს:ბრაზილიელი პროდიუსრები დაიქირავეთ და ხარჯებს მე ავიღებ თავზე

ნოდარ მელაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი – უჩა მამაცაშვილი მოსკოვში კონსპირაციულად და რეგულარულად დაფრინავს და მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ბიძინა ივანიშვილის დანაბარები ჩააქვს ხოლმე, უჩა მამაცაშვილი პასუხობს.

„ჩემზე არაერთი ჭორი და უსაფუძვლო ბრალდება მომისმენია და, როგორც არასაჯარო პირს, მათზე რეაქცია, ძირითადად, არ მაქვს. თუმცა, „ტვ პირველი“ მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა – მათ საკუთარ თავს აჯობეს და რუსეთთან საიდუმლო ელჩობაში „მამხილეს“. მესმის, რომ საარჩევნო კამპანიაა და ტელევიზია ყველა ხერხით ცდილობს მეპატრონეებისა და დამფინანსებლების გულის მოგებას, თუმცა სიმართლესთან ოდნავ ახლოს მაინც ხომ უნდა იყოს ინფორმაცია, რომ დაგიჯერონ?

ჩემთვის მძიმეა იმის ყურება, თუ როგორ წვალობენ და ბნელ ოთახში ეძებენ კატას, რომელიც იქ, რასაკვირველია, არ არის. რაც შეეხება სიუჟეტის შინაარსს, მის განხილვას, უბრალოდ, აზრი არ აქვს – როცა უკლებლივ ყველა სიტყვა და აქცენტი სიცრუეა, ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი ზედმეტი და შეურაცხმყოფელია.

ღიმილის მომგვრელია იმის აღმოჩენა, როგორ გულმოდგინედ ცდილობენ „ტვ პირველის“ ბიზნესმენი და პოლიტიკოსი მესვეურები ჩემს ირგვლივ სკანდალის შექმნას. ამ ადამიანებს ვურჩევ ბრაზილიელი პროდიუსერების დაქირავებას. საპნის ოპერები მათი მოგონილია და ისინი უკეთ გაართმევენ თავს გამოგონილი ამბების სიმართლედ გასაღებას.

ჩემი მხრიდან კი მზად ვარ, ბრაზილიელი სცენარისტების მგზავრობისა და ანაზღაურების ხარჯები საკუთარ თავზე ავიღო“.- განაცხადა უჩა მამაცაშვილმა ტელეკომპანია პოსტ ტვ-სთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად