ტუბერკულიოზის სამკურნალო ახალი მედიკამენტი საქართველოში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი

Janssen Therapeutics-ის დონაციის შედეგად, ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალო ახალი მედიკამენტი, ბედაკილინი საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 40 წლის განმავლობაში ბედაკილინი არის პირველი ახალი მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის წამლისადმი რეზისტენტული ფორმის სამკურნალოდ. მათივე განმარტებით,  ეს ინოვაციური პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული ბაქტერიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში.

პროგრამა სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელ მედიკამენტს პაციენტებს უფასოდ გადასცემს. საქართველო, რომელიც პროგრამის პირველი ბენეფიციარი ქვეყანაა, დაახლოებით 31 000 ბედაკილინის აბით მომარაგდება, რაც საკმარისია 24 თვის განმავლობაში 200 პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით,  2009 წლიდან ტუბერკულოზის გავრცელება თანდათან მცირდება და წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი იზრდება. თუმცა, ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული (წამლისადმი მდგრადი) ფორმების გავრცელების და მკურნალობის სირთულის გამო საქართველო რჩება მსოფლიოს 27 ქვეყანას შორის, სადაც ტუბერკულოზის ტვირთი ყველაზე მაღალია. სამინისტროში განმარტავენ, რომ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ ახალი ეფექტური მედიკამენტების გამოყენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...