ცუცქირიძე: ჩვენ ვიმკით 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარიდან დამდგარ საგარეო შოკების ზეგავლენას

„აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ჩვენ ვიმკით 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარიდან დამდგარ საგარეო შოკების ზეგავლენას“, – ამის შესახებ ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

„დღეს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომლის შედეგადაც სამოქალაქო ავიაციამაც, ტურისტების მომსახურების სხვა სექტორების მსგავსად, 20 ივნისის მოვლენების შედეგად დანაკლისი განიცადა, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილ ნაკლებ შემოსავალში აისახა.

კერძოდ, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ზაფხულის ტურისტული სეზონის პიკზე, მგზავრთნაკადმა მატების ნაცვლად 10 პროცენტით დაიკლო. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასწარი პროგნოზით, ორივე აეროპორტში მგზავრთნაკადის 9-10 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი, დანაკლისი გაცილებით მნიშვნელოვანია.

ორივე აეროპორტში კლება, ძირითადად, რუსეთიდან პირდაპირი ავიარეისების შეჩერების ხარჯზე მოდის. ვინც იცის, რამდენად რთულია შენს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოყვანა, კარგად უნდა ესმოდეს, მოკლევადიან პერიოდში ამ დანაკლისის აღმოფხვრა და მგზავრთნაკადის ზრდისკენ შემობრუნება რა პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ამ მონაცემებიდანაც დასტურდება, რომ ამ ტიპის შოკებს, რაც ავია სანქციებით იყო გამოწვეული, ყოველთვის გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი, რაც გამოწვეულია არა მხოლოდ პირდაპირი, არამედ არაპირდაპირი ფაქტორების ზეგავლენით ეკონომიკაზე. ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ავია სანქციები, მხოლოდ ტურისტულ ნაკადებზე არ იმოქმედებდა ნეგატიურად და აისახებოდა ტურიზმთან დაკავშირებულ ყველა სეგმენტზე. შემთხვევით არ იყო, რომ ცალკეული მიკერძოებული საექსპერტო ჯგუფების კვლევებისაგან განსხვავებით, ეროვნული ბანკის საპროგნოზო გათვლებით ზარალი წლის ბოლომდე 300 მლნ აშშ დოლარამდეც კი იქნება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვიმკით 20-21 ივნისის რევოლუციური სცენარიდან დამდგარ საგარეო შოკების ზეგავლენას, რაც გასაგები მიზეზების გამო ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული საექსპერტო ჯგუფებისათვის იყო რატომღაც გაუგებარი. თორემ, ნაკლები მგზავრი აეროპორტებში, რომ ნაკლებ ტურისტს ნიშნავს, ასევე ნაკლებ ხარჯს ტურისტულ მომსახურებაში, ნაკლებ დაჯავშნილ სასტუმროსა თუ სხვა მასთან დაკავშირებულ სერვისებს, რომელიც, ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, ისედაც ცხადი უნდა ყოფილიყო.

ცუდია ის, რომ დიდი ალბათობით აგვისტოში ეს ტრენდი გაგრძელდება, ანუ აეროპორტებიდან შემოსავლები კვლავ დაგეგმილზე მცირე იქნება.“ – წერს ცუცქირიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...