წულუკიანი: წყალტუბოში, სამტრედიაში და ხაშურში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იუსტიციის სამინსიტროს რეგიონული ფონდიდან გამოეყოს 5 მლნ 300 ათასი ლარის ოდენობის თანხა, რომელიც, მინდა გავახარო ჩვენი მუნიციპალიტეტები, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაიწყოს სამი იუსტიციის სახლის მშენებლობა.

ეს არის წყალტუბო, სამტრედია და ხაშური, სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჩვენი იუსტიციის სამინისტროს სერვისები უკვე მრავალი წელია არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს ამ ადგილებში ისეთივე კომფორტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში.

ასევე ამ თანხით ჩვენ შევძლებთ დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერები, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან ყველა სამშენებლო თუ კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული და ეს დამატებითი სახსრები მოგვცემს ამ ტენდერების ჩაშვების საშუალებას, ანუ წელსვე მშენებლობების დაწყების შესაძლებლობა გვექნება. ჩემი მიზანია, რომ ის მანდატი, რომელიც უკვე მეორე საარჩევნო მანდატის ბოლოს ამოიწურება, ჩვენ გვქონდეს იუსტიციის სამინისტროში მემკვიდრეობა, მემკვიდრეობა რომელსაც ქვია, საქართველოს ყველა მუნიციპალურ ცენტრში, გარდა იუნესკოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მცხეთას ვერ ვეხებით, გვქონდეს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები და პრაქტიკულად ვთქვათ, რომ დავემშვიდობეთ საბჭოთა ინფრასტრუქტურას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად