წულუკიანი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გვანცა ყუფარაძის საქმეზე არ ვეთანხმები

დღეს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე, სადაც ყოფილი მსჯავრდებული მის მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებას არაადაამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაში ადანაშაულებდა, გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გვანცა ყუფარაძის მიმართ სარჩელში ჩამოთვლილი მუხლების დარღვევა არ დადგინდა.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი არ ეთანხმება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჟურნალისტებთან განმარტავს: 

"სტრასბურგის სასამართლო შემოიფარგლა იმით, რომ ეთქვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმსახურებს გარკვეულ კრიტიკას, მაგრამ მე არ გახლავართ მეოთხე ინსტანციის სასამართლო იმისთვის, რომ საქმე განვიხილო თავიდანო.

ეს არის საქმეზე საკმაოდ მოკლე გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მინახავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც გაცილებით დეტალურად იხილავს, პატიმრის, მითუმეტეს არასრულწლოვანის და მითუმეტეს გოგონას უფლებებს. მე ვერ დავეთანხმები ვერც იმას, რომ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, თურმე 2007-2008 წლებშია ციხეში რეფორმები ჩატარდა. 

ჩვენ ვერ დავარქმევთ რეფორმებს იმას, რომ  "იუნისეფის" და მაშინ ევროკავშირის ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად, ჩვენმა წინამორბედმა მთავრობამ,  გვანცა ყუფარაძე ერთ გარემონტებულ საკანში გადაიყვანა". – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, 2006 წელს გვანცა ყუფარაძე თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლის შემდეგ, გვანცა ყუფარაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა, აქედან 5 წელი პირობითი მსჯავრი. რომელიც ყუფარაძის ადვოკატმა თბილისის სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ორივე ინსტანციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის გვანცა ყუფარაძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...