წულუკიანი: როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა

ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ამ პროტესტს გამოხატავენ, ისინი არიან, როგორც თავად ამბობენ, იმედგაცრუებულები, მე პირიქით ვარ, საპირისპირო აზრზე. მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში.

როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის იმის გარანტია, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ჩვენ მივიღებთ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა, იმიტომ, რომ სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი.

როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე , გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა, ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება. სოფლებში შეხვედრები კვლავ გრძელდება, მათ შორის მინისტრების მონაწილეობით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება და უხდება ის შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი დეპუტატები, პარტიული სიით არჩეული დეპუტატები, და სადაც არსებობს ელემენტარული ჯანსაღი ბარიერი, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ქვეყანაში სტაბილურობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად