წულუკიანი: ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი არ უნდა აღმოჩენილიყო პარლამენტის ტრიბუნასთან, ხოლო ირაკლი კობახიძეს ადრე უნდა დაეტოვებინა თანამდებობა.

“გიორგი გახარიას გადადგომა არ იგეგმება. არც არავის გადადგომა არ იგეგმება. არ იგეგმება! ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გიორგი გახარია გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადატრიალება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია ცეცხლი , რასაც თქვენ ახალგაზრდების პროტესტს ეძახით.

არ მგონია, რომ პასუხისმგებლიანი იქნება ჩემი პოზიცია. არც ლაპარაკის პრობლემა მაქვს და არც ენაკვიმატობის, ყველა ჩემს სიტყვას ვზომავ იმიტომ, რომ მიკავია ის თანამდებობა, რაც მიკავია.

არ მინდა მომივიდეს ისე, რომ იმ ცეცხლზე, რაც ანთია, ნავთი დავასხა. მესმის, რომ ზოგიერთისთვის სულ ერთია, ჩემთვის არა.

ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე არ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც იყო. ამისთვის პასუხისმგებლობა აიღო ქვეყანაში მეორე პირმა. ქვეყანაში რიგით მეორე პირი, ირაკლი კობახიძე გადადგა ამისთვის, ჯობდა უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით. ჩვენ ამ ქვეყანაში გვინახავს , სახელმწიფოზე თავდასხმა, ომების და გადატრიალების მრავალი მცდელობა ან შესრულება. რა მოუტანა ამას ქვეყანას? კარგი არაფერი. შესაბამისად, ვზომავ ყველა სიტყვას. არ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი, მაგრამ მოხდა. შესაბამისმა პირმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა, რაც ადრე არ გვახსოვს”,-განაცხადა წულუკიანმა.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

როგორც ცნობილია, “როსტურიზმი” რუსეთის ტუროპერატორებს რეკომენდაციას აძლევს, საქართველოში  ვითარების დარეგულირებამდე, ტურების ჩატარება დროებით შეაჩერონ.

21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლიც მიხედვით, 8 ივლისიდან რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აეკრძალათ.

ვლადიმერ პუტინმა ასევე გასცა განკარგულება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს რუსეთის იმ მოქალაქეების უკან დაბრუნება, რომლების დროებით საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ასევე, გასცა რეკომენდაციები და ტურისტულ კომპანიებს მოუწოდა, დროებით შეაჩერონ ავიაბილეთების გაყიდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად