წულუკიანი: მამა-პაპის მიწა არ ნიშნავს, წულუკიანებს დაუკანონდეს მთელი ბალს ქვემო სვანეთი

იუსტიციის მინისტრის თქმით, მთიან რეგიონებში მოსახლეობას მიწების ის ნაწილი დაუკანონდებათ, რომელიც მათთვის "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".  ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც მიწის რეგისტრაციის რეფორმის საკითხს განიხილავდნენ.

"ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას კანონით ვერ დავარეგულირებთ, ამიტომ სპეციალურ მექანიზმზე ვფიქრობთ, სადაც ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის აეწყობა სპეციალური მექანიზმი. ეს მთები ჩემია და ერთი გვარი იქნება საქართველოს მთების მესაკუთრე – ეს ვერ მოხდება, სამაგიეროდ ის შეიძლება მოხდეს, რომ რაღაც ოდენობის მიწა, რაც სასიცოცხლოდ არის მიჩნეული, ინდივიდუალური მიდგომა ქონდეს სახელმწიფოს თითოეული ოჯახისადმი და პირდაპირი განკარგვის წესით, გასცეს ის მიწა, რაც მისი მამა-პაპის მიწაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წულუკიანებს უნდა დაუკანონდეს მთელი ბალს ქვემო სვანეთი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

როგორც მინისტრი ამბობს, ერთი გვარი იქნება მთების მესაკუთრე ვერ გახდება.

"მე ვიცი ზუსტად რაზეც საუბრობენ სვანები, ეს არის ტომობრივ-თემური საკითხები. ტომი იყო ეს თავის დროზე თუ თემი, რომელსაც რაღაც მიწები ეკუთვნოდა, შემდეგ როდესაც კოლექტივიზაცია ჩატარდა, შედარებით ლმობიერება გამოიჩნეს კომუნისტებმა და კი წაართვეს ეს მიწები, მაგრამ მეხსიერება არ წაუშალეს და ყველამ დაიმახსოვრა, ვის რა ეკუთვნოდა.

როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველამ ფაქტობრივად დავიბრუნეთ ის, რაც ჩვენს მამა-პაპას ეკუთვნოდა. მაგალითად, ჩვენს თემს ჩაგიშერების თემი ჰქვია, ჩემი უშუალო წინაპარი, რომ ჩაგატარებს ჩაგიშერების თემში, გაიშვერს ხელს მარცხნივ და იტყვის, ეს ყანა ჩემია, ეს მთა ჩემია, ეს ტყე ჩემია. მისცეს თუ არა ტყეების მასივი, მთა, ის მთა რასაც წაიღებს და გაიტანს ბარს, ერთ თემს ან ტომს, მე ვფიქრობ – არა. მაგრამ ეს მეორეს მხრივ არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ფაქტობრივად რასაც ამუშავებს, რაზეც აძოვებს, რითაც ცხოვრობს…

დღეს მესტიაში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზუსტად იგივე მდგომარეობაა ეკონომიკურად, რაც იყო 90-იან წლებში, რომ სულგუნს ვცვლით ასანთზე… ამიტომ ამ სულგუნით ცხოვრობს ხალხი, იმ კარტოფილით, რომელსაც ყიდის ზუგდიდის ბაზარზე. რა თქმა უნდა, ის მიწა, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, ფაქტობრივად, მამა-პაპისეულად ეკუთვნით…

მოვიფიქრეთ ასეთი მექანიზმი, თუნდაც პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად… დავითვალოთ ეს რამდენია, ვკითხოთ, ვისაც მოეკითხება, დაადასტურებს ან რაღაც ტიპის საბუთი აქვს, მაგალითად რაღაც პერიოდში იხდიდა გადასახადს, ან არ იხდიდა, ან საარქივო მასალები აქვს",-განაცხადა თეა წულუკიანმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...