წულუკიანი ხაზარაძეს: ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს დიდხანს ვერ ეღირსებით, რადგან 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებრივი მოძრობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს და მას შეურაცხმყოფელს უწოდებს.

“რაკი ამ განცხადების ადრესატი არც ოპოზიციონერი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ არის, ამ უმსგავსო განცხადებას „ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები“ სავარუდოდ არ გამოეხმაურებიან.
ისევე, როგორც არასოდეს (!) არ გამოხმაურებიან ჩემზე გენდერული ნიშნით თავდასხმებს და გენდერული ნიშნით კიდევ სხვა პოლიტიკოს ქალზე თავდასხმას, სახელად: „ქალო, რით ვერ ისწავლე ქართული, გნუ ხარ?“.
ჰოდა, მე გამოვეხმაურები. იმიტომ, რომ ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ის, ვისაც ჰქვია საჯარო საქმიანობაში ჩართული ქალი. ვცდილობ მაინც.
ბ-ნო ლელო მამუკა, თქვენ ამ განცხადებით საკუთარი გარემოცვის ქალებს აყენებთ შეურაცხყოფას, ეს იცით? თუ არ იცით, ახლა გეცოდინებათ. პოლიტიკაში „მოსვლა“ რომ გინდათ, ასეთი განცხადებებით აპირებთ „მოსვლას“?
თქვენ, ამ განცხადებით, ასევე შეურაცხყოფას აყენებთ ყველა იმ ახალგაზრდა ქალს, რომელიც განათლებას ან იღებს, ანდა უკვე მიღებული აქვს და, ასე მგონია, არის თქვენზე განათლებულიც, თქვენზე ჯანსაღიც და თქვენზე უფრო მეტი ნდობის ღირსიც.
ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც არ იკადრებს არც ერთი ქალი, რომ იმ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტში შეჰყოს თავი (ა-ზე რომ იწყება და ია-ზე რომ მთავრდება!), რომლის კეთების თავიც არ აქვს და როცა გამოაშკარავდება, რომ არ აქვს თავი, მერე არ დაიწყებს პარტიის შექმნას მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაიძვრინოს! ამ თემაზე მე, ქალს, ბევრი რამე შემიძლია მოგახსენოთ, როცა მექნება ამის შესაძლებლობა! რადგან ის დროც მახსოვს, როცა „შეგარჩიეს“ და მას მერე რაც იყო, ისიც კარგად მახსოვს!
ისე ხდება, რომ ხაჭაპურების ცხობაში მახსოვრობა გვივარჯიშდება ხოლმე ქალებს და დიდხანს გვახსოვს რაღაცები.
გასაგებია, რომ თქვენ გძულთ ქალები, ვინც სამზარეულოს გარეთ ცხვირი გაბედა და გამოჰყო. ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი.
ჩემს გამომცხვარ ჭვიშტარს კი ვერ ეღირსებით დიდხანს, რადგან არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს და, თანაც წინ, 2020 წლის არჩევნები მაქვს მოსაგები. მე, ქალს. იხუმრა, ეგონა, ალბათ”…”,-მიმართავს თეა წულუკიანი მამუკა ხაზარაძეს.

დღეს, მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

“მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ. შეიძლება ეს იყო გამოწვეული იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ მაია ცქიტიშვილის ხელში თანხა არ დაიკარგება კორუფციული თვალსაზრისით, მაგრამ მას ვურჩევ, ჩაიხედოს, როგორ მიდის ტენდერები, ჰკითხოს კერძო კომპანიებს, თუ რანაირი ტიპის კორუფციაა გასული ინფრასტრუქტურის სისტემაში. ამას ყველაფერს ჩვენ პასუხს მოვთხოვთ, ყველას აბსოლუტურად.

თუმცა, მაიაზე ამას ვერ ვიტყვი. ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დადასტურებულად გეუბნებით, რომ ტენდერები ქვემოთ არ ტარდება გამჭვირვალედ. ეს არის ფიქცია. დაახლოებით იმავე პროცესს ჰგავს – ჩვენ სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცების პროცედურა მოგვახვიეს თავზე, რომ ვითომ ეს არის გამჭვირვალე. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ გადაიბარა სააკაშვილის მოსამართლეები და მოსამართლეები არიან ხელისუფლების მოსამართლეები, პროკურორები კი არიან ხელისუფლების პროკურორები”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად