წულუკიანი: გავაგრძელებთ პატიმრებზე ზრუნვას და მათი უფლებების მაღალი ხარისხის დაცვას

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოსმენისას განაცხადა.

“პენიტენციურ სისტემაზე მოგახსენეთ მოკლედ. მოგეხსენებათ, რომ ათწლიანი პაუზის შემდეგ შარშან პენიტენციური სისტემა დაუბრუნდა იუსტიციის სისტემას. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, პირველ რიგში, თანამშრომლებისთვის, რადგან მინდა, საზოგადოებასაც კარგად ესმოდეს, რომ პენიტენციური სისტემა არ არის შექმნილი მხოლოდ იმისთვის, რომ პატიმრის უფლებები იყოს დაცული, პენიტენციურ სისტემაში მუშაობს 5 000-მდე ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს პირობებში და ხშირად საფრთხის ქვეშ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ამიტომ მე, პირველ რიგში, ამ მაღალი ტრიბუნიდან მათ მივესალმები და ვეტყვი იმას, რომ მათზე ზრუნვა გაგრძელდება და ჩვენი სისტემის მიზანი არ იქნება მხოლოდ პატიმრებზე ზრუნვა, არამედ, პირველ რიგში, თანამშრომლებზე ზრუნვაც.

ჩვენ შევძელით, პირველ რიგში, რომ იქ, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ესკორტის, ანუ ბადრაგის, სამსახური გაგვეძლიერებინა. იყო პოზიციები, სადაც 600 ლარიდან 1 200 ლარამდე გავზარდეთ ხელფასი, რადგან 600 ლარი, რომელიც შემდეგ კიდევ იბეგრება, შეუსაბამოა იმისთვის, რომ ადამიანს შემდეგ მოსთხოვო, პატიმარი უსაფრთხოდ გადაიყვანოს. იყო პოზიციები, სადაც უფრო მეტი იყო ხელფასი და ჩვენ ეს გავათანაბრეთ. საშუალოდ გეტყვით, რომ შარშანდელიდან დღემდე 270 ლარით გაიზარდა ესკორტის ოფიცრის ხელფასი. ჩვენ გვინდა, რომ სხვა ძალოვან სტრუქტურებთან ერთად ეს ტენდენცია გაგრძელდეს, რადგან ჩვენ ესკორტის ოფიცრებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, რა თქმა უნდა, ღირსეული პირობები ეკუთვნით.

ინსფრასტრუქტურული ცვლილებებია გადაიარაღებაში ცეცხლსასროლი იარაღის თუ მოძრავი მანქანების მიმართულებით. ძალიან დიდი გამოწვევაა სამედიცინო ნაწილში. არიან ექთნები, რომლებიც ძალიან მძიმე პირობებში მუშაობენ. მათი რაოდენობა არ არის საკმარისი და მათი ხელფასი არის ძალიან მცირე. მე მინდა, მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო ამ ტრიბუნიდან და ვუთხრა, რომ ჩვენი მომავალი ზრუნვის საგანი სწორედ ეგრეთ წოდებული კონტროლიორები, მეგასაღებეები, ექთნები და სხვა მსგავსი პერსონალი იქნება. ეს იმისთვის, რომ ციხეში თანამშრომელი იყოს ძლიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჩაგრული თანამშრომლის დაჩაგვრა ძალიან მარტივად შეუძლია პატიმარს.

რაც შეეხება პატიმრებს, ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასაც, მათი უფლებების მაღალი ხარისხის დაცვასაც. ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისია დარჩება ისეთივე აქტიური, როგორც არის. აქცენტი გაკეთდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე.”,-განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად