წულუკიანი: ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ

საქართველოს და თურქეთის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის გასაძლიერებლად ერთობლივი ოპერატიული ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ

ტერორიზმსა და სხვა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ქართველ პატიმართა უფლებების დაცვა თურქულ საპატიმროებში, ბავშვთა გატაცების შემთხვევები, თანამშრომლობა სამართლებრივი რეფორმების განხორციელებისას, ექსტრადიციისა და პატიმართა გადმოცემის საკითხები − ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომლებიც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქეთის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრისას განიხილა.

თეა წულუკიანი ოფიციალური ვიზიტით ანკარას ეწვია და თურქ კოლეგა აბდულჰამიდ გიულს შეხვდა. შეხვედრის თემა საქართველო-თურქეთს შორის ორმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის, სამართლებრივ ურთიერთდახმარებას, მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირებას, პენიტენციურ სისტემებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მოხარულია, რომ 2018 წლის 13 აპრილს კოპენჰაგენის მინისტერიალის ფარგლებში თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ეს ვიზიტი შედგა.

„ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ გაგვიჩნდა თანამშრომლობის უფრო მეტი არეალი, რადგან ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროები გაერთიანდა. თქვენი სურვილიცაა, ჩვენი თანამშრომლობა როგორც იუსტიციის ისე სასჯელაღსრულების მიმართულებით კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები, ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა და, ზოგადად, ყველა ის რეფორმა, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გასამყარებლად საქართველოში ხორციელდება, არის ის მიმართულებები, სადაც იუსტიციის სამინისტროს ანგარიშგასაწევი გამოცდილება დაუგროვდა და პარტნიორი ქვეყნისთვის ამ გამოცდილების გასაზიარებლად მზადაა.

„ცნობილია, რომ იწყებთ მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობას. ჩვენ უკვე გავატარეთ რამდენიმე ტალღა, იყო წარმატებები და სიძნელეები, ჩემთვის იყო გაკვეთილებიც და მოხარული ვიქნები, ეს გამოცდილება, თუკი გამოგადგებათ, გაგიზიაროთ. ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობის გამო ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვდგავართ; ამიტომ გთავაზობთ, ორ სამინისტროს შორის ოპერატიულ საკითხებზე რეაგირებისთვის კონკრეტული პირები ან პირთა ჯგუფი გამოვყოთ, რათა ნაკლები ბიუროკრატიის პირობებში ჩვენ შორის კონტაქტი უფრო მოქნილი გახდეს. თურქეთს შესანიშნავი ელჩი ჰყავს საქართველოში, ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, ისევე, როგორც ჩვენს სახელმწიფოს თურქეთში მაღალი რანგის დიპლომატი, ბატონი გიორგი ჯანჯღავა წარმოადგენს, რომლებიც კვლავაც გააგრძელებენ ჩვენს დახმარებას ეფექტური თანამშრომლობის სფეროში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

აბდულჰამიდ გიულმა აღნიშნა, რომ მიესალმება ორ სამინისტროს შორის ოპერატიული თანამშრომლობისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეას და მზადაა, ამისათვის კონკრეტული პირები გამოყოს.

„მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება. თქვენი ტვირთი, რა თქმა უნდა, გაიზარდა და მინდა, წარმატება გისურვოთ. თურქეთს ამ საკითხში დიდი გამოცდილება აქვს. დღეისათვის 260 000 პატიმარი გვყავს და მზად ვართ, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ“, − განაცხადა თურქეთის იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და თურქეთს შორის ორგანიზებულ დანაშაულთან, განსაკუთრებით კი, ტერორიზმთან, ბრძოლის საკითხებში თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მინისტრებმა ექსტრადიციებისა და პატიმართა გადაცემის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასასრულ, აბდულჰამიდ გიულმა თეა წულუკიანი 1 ივნისს კაპადოკიაში „ნინოს დღეებზე“ მიიწვია. თავის მხრივ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თურქი კოლეგა საქართველოში საპასუხო ვიზიტზე მიიწვია და სვანეთის დათვალიერება შესთავაზა.

ვიზიტის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თურქი კოლეგის მიერ მის პატივსაცემად გამართულ სადილს დაესწრო.

თეა წულუკიანი აბდულჰამიდ გიულს 2018 წლის 13 აპრილს კოპენჰაგენში მიმდინარე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებშიც შეხვდა.

ამის შესახებ ინფორამციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად