ცქიტიშვილი: მოლაპარაკებით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა

მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ რუსთავი-თბილისის ავტობანი საჭიროა, – ამ განცხადებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსახლის პროტესტს გამოეხმაურა.

„იმ მონაკვეთებზე, სადაც მოსახლეობა არ აპროტესტებს ავტობანის გაყვანას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება იმ მონაკვეთს, რომელიც არის განლაგებული კორპუსების მიმდებარედ, რომელში მცხოვრები ადამიანებიც საკმაოდ დიდი ხანია აპროტესტებენ ავტობანის მშენებლობას, ქალბატონები ბავშვებთან ერთად სამშენებლო ტექნიკის მუშაობას უშლიდნენ ხელს. ვინაიდან ჩვენ არ ვართ მიმართული ძალისმიერი მეთოდებით მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთზე შეგვეჩერებინა სამუშაოები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ვადაში ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა ამ სამუშაოების შესრულება, სწორედ ამ მოქალაქეების პროტესტის გამო. ამიტომ, ჩვენ ამ ეტაპზე შევწყვიტეთ ამ სესხის ფარგლებში ამ მონაკვეთის მშენებლობა, ის მონაკვეთები, სადაც შესაძლებელია მუშაობა, იქ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი.

რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც ჩვენ გვაქვს მოსახლეობის უკმაყოფილება, რა თქმა უნდა მოსახლეობასთან კონსულტაციის, კომუნიკაციის და მოლაპარაკების გზით ვეცდებით, დავარწმუნოთ მოსახლეობა, რომ ავტობანი არის საჭირო“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად