ცქიტიშვილი: კოორდინირებული ქმედებებით, შექმნილი ვითარებიდან, საბოლოოდ, ნაკლებად დაზარალებული გამოვალთ

ჩვენი ამოცანაა ბალანსის პოვნა დაავადების გავრცელების შენელებასა და ეკონომიკის მუშაობასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ მივიღოთ მინიმალური ზიანი, არ გაგვიჩერებია სრულად ეკონომიკა და მაქსიმალურდ ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა ყველა იმ ბიზნეს-სუბიექტის საქმიანობა, სადაც არ არის საფრთხე დასაქმებული ადამიანებისთვის, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, როცა დაწესდა შეზღუდვები საცალო ვაჭრობაში, ბიზნესის დიდი ნაწილი ძალიან სწრაფად გადაეწყო და აამუშავა მიწოდების სერვისი, რაც ბევრისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.
„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშაოები მიმდინარეობს დღესაც და ყველა ობიექტი, რომელიც ფუნქციონირებს, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით ასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მინდა ყველა რგოლის წარმომადგენელს – მუშას, მენეჯერს თუ კომპანიის მფლობელს გადავუხადო მადლობა მათი შრომისთვის, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით დღეს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ეკონომიკაში 600 მილიონი ლარის დაბრუნება და ასევე, ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებით 300 მილიონი ლარის ჩადება, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწრაფად შევძლოთ ეკონომიკის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებით სასიხარულოა ისიც, რომ საფინანსო ინსტიტუტების სახით წლების განმავლობაში ბევრი მეგობარი შევიძინეთ და ახლა, უკლებლივ ყველა პარტნიორი გვიკავშირდება დახმარების სხვადასხვა პროგრამის შეთავაზებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხები მივმართოთ ისეთ დარგებსა და პროგრამებზე, სადაც ყველაზე პოზიტიურ შედეგს მივიღებთ და ასევე დავასტაბილუროთ ვალუტის კურსი. ყველა მასტიმულირებელი ღონისძიება, რაც უკვე შევთავაზეთ სხვადასხვა პროფილის ბიზნესს და რასაც აწი შევთავაზებთ, ერთობლივად იგეგმება, ამ პროცესში ჩართულია მთავრობა, ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკები, სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო პარტნიორი ინსტიტუტები. ვფიქრობ, სწორედ კოორდინირებული ქმედებებითაა შესაძლებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და შექმნილი ვითარებიდან, საბოლოოდ, ნაკლებად დაზარალებული გამოვალთ,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 10 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად