ცქიტიშვილი: დიდი საფრთხეა შეკრებები, სუფრები და სასაფლაოზე გასვლა, რაც ჩვენი ტრადიციის ნაწილია

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დღეს ახალი შეზღუდვების დაწესება მთავრობამ არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით გადაწყვიტა.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ აღდგომის დღესასწაული და მასთან დაკავშირებული რიტუალები არის საფრთხე იმ თვალსაზრისით, რომ ერთ სივრცეში ბევრმა ადამიანმა შეიძლება თავი მოიყაროს, თუმცა რელიგიური მსახურება არ არის მთავარი საფრთხე, რადგან ჩვენ ბოლო დღეებში ვნახეთ, რომ ბევრ ტაძარში ზედმიწევნით იცავდნენ ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციებს. შესაბამისად, მე არ გამოვყოფდი განსაკუთრებულ საფრთხედ და მითუმეტეს, არ დავაკავშირებდი ამ შეზღუდვებს უშუალოდ საეკლესიო რიტუალებს. უფრო დიდი საფრთხე შესაძლოა სხვა სახის კონტაქტები იყოს, შეკრებები, სუფრები და სასაფლაოზე გასვლა, რაც ჩვენი ტრადიციის ნაწილია. სწორედ აქ არის ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ მოქალაქეები არ დაიცავენ აუცილებელ დისტანციას და სხვა შეზღუდვებს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ აიკრძალა გასვლა სასაფლაოებზე და დაწესდა შეზღუდვები მსუბუქი ავტომობილების მოძრაობასა და დახურულ სივრცეში პირბადეების გარეშე გადაადგილებაზე.

„კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს და მოვუწოდო, რომ თუ აუცილებელია სახლიდან გასვლა, დაიცვან სავალდებულო სოციალური დისტანცია, თუ მოქალაქეები რჩებიან სახლში, არ მიიღონ სტუმრები, ასევე არ გავიდნენ სახლიდან ისეთი საქმეების გამო, რომლის გადადებაც შესაძლებელია და ელემენტარული გაუფრთხილებლობა შესაძლოა მათ და მათივე ოჯახებს ძალიან დიდ ფასად დაუჯდეთ,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად