ცქიტიშვილი ბორჯომის მერისა დაკავებაზე: თანამდებობა არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან

“არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი, თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან ცენტრალურ ხელისუფლებაში – არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან”.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბორჯომის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებას ეხებოდა.

მინისტრის განმარტებით, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში კორუფციის პრევენციაა.

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრი ემთხვევა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების აზრს, რომელსაც ჰქონდა ძალიან მკაცრი და სწორი რეაგირება. ბორჯომის მერის გარდა დაკავებულია საკრებულოს თავმჯდომარეც. ეს არის დასტური იმისა, რომ არანაირი თანამდებობა, იქნება ეს არჩევითი თანამდებობა თუ მაღალი თანამდებობა ადგილობრივ თვითმმართველობაში, ან ცენტრალურ ხელისუფლებაში, არ არის დაცვა იმ სამართალდარღვევებისგან, არ არის ინდულგენცია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დანაშაულს სჩადიან. ეს არის ჩვენი გუნდის დამოკიდებულება და სწორედ ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე მოხდა ამ ორი ადამიანის დაკავება, როგორც საჯარო მოხელეების, ასევე ბიზნესის წარმომადგენლების დაკავება, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულები ამ სამართალდარღვევაში. ბუნებრივია, ყველა მსგავს შემთხვევაზე არის რეაგირება. სამწუხაროდ, უკვე გვქონდა ასეთი დაკავების პრაქტიკა სხვა რეგიონებშიც. ბუნებრივია, ნებისმიერი ხელისუფლების ამოცანა პირველ რიგში არის კორუფციის პრევენცია მაგრამ შემდგომში რეაგირება იმ ფაქტებზე, თუ ასეთ ფაქტებს ექნება ადგილი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ: 29 თებერვალს, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი და მერი ლევან ლიპარტია დააკავეს. ასევე,  დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად