წყალტუბოს მერია განცხადებას ავრცელებს

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს, მასში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს, შეიცავს არაერთ უზუსტობას და ემსახურება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციას.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის 1-ლი ივლისიდან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები ცხადდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული და რეკომენდირებული სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პროექტის ნიმუშის შესაბამისად, ამასთან ერთად თითოეული ტენდერის გამოცხადების საკითხი (თანდართული სატენდერო დოკუმენტაციით, ხელშეკრულების პროექტითა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით) რეკომენდაციისთვის იგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მხოლოდ მათი რეკომენდაციისა და თანხმობის მიღების შემდეგ ხდება დარეგისტრირება (გამოცხადება) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (www.spa.ge), რაც იმთავითვე გამორიცხავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მხრიდან სატენდერო პირობების მორგებას რომელიმე ერთ კონკრეტულ მიმწოდებელზე.

ზემოთხსენებულ სიუჟეტში მოყვანილ ტენდერებთან დაკავშირებით კი უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოებები:

  1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: გვიშტიბში ნიჟარაძეების უბანში და ძმათა სასაფლაოსთან მისასვლელი გზების, ხომულში მე-14 ქუჩაზე, რიონში სინატაშვილების უბანში არსებული სასაფლაოებთან მისასვლელი გზების, ქვიტირში N12 ქუჩაზე (ჩიტეიშვილების უბანი) და N14 ქუჩაზე (კორეიის უბანი), მაღლაკში (მამაგეიშვილების უბანი), ასევე ქალაქ წყალტუბოში, გოგებაშვილისა და ყაზბეგის ქუჩებზე საავტომობილო გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების ელექტრონულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლში („მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ“) ნათლად არის გაწერილი მთელი რიგი მოთხოვნებისა პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მათ შორის ამავე მუხლში გაწერილია, რომ 2017 წლის პირველი იანვრიდან ზემოთხსენებული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 18 665 832 ლარისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს თანხა ისე ჩაურიცხა, რომ არც გამოცდილება მოსთხოვა, დაბალი ფასდაკლებაც გაუკეთა და დაბალი კონკურენციის პირობებში ჩააყენა, სრული სიყალბეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება ავანსის სახით თანხის ჩარიცხვას, აღნიშნული პირობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების პროექტის ნიმუშების შესაბამისად გაწერილი იყო როგორც NAT200003073 აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში (მუხლი 7.1.1 – „წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები“), ასევე ხელშეკრულების პროექტშიც (მუხლი 6. – „წინასწარი ანგარიშწორების პირობები“) და რადგან აღნიშნულ ტენდერში გათვალისწინებული იყო საავანსო ანგარიშწორება, სატენდერო პირობებისა და ხელშეკრულების შესაბამისად ავანსის სახით თანხის ჩარიცხვა სრულიად კანონიერია და განხორციელებულია შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით თანხის ავანსის სახით ჩარიცხვის შესაძლებლობას ითვალისწინებს არა მხოლოდ ის ტენდერები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო ან გაიმარჯვა შპს „მიმდემმა“, არამედ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 1 ივლისიდან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე გამოცხადებული თითოეული ტენდერი, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 50 000 ლარს.

რაც შეეხება ვადის გახანგრძლივებას, უნდა აღინიშნოს შემდეგი: როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კერძოდ ქვეყნის მაშტაბით ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა გამო და მასთან ბრძოლის მიზნით, 2020 წლის 21 მარტის პრეზიდენტის №1 დეკრეტით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ამასთან ერთად, 2020 წლის 23 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება №181 „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-7 მუხლის („ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა“) პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა – ს“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობისა. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მიმდინარე წლის 12 მარტს, რომლის მესამე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, 2020 წლის 27 აპრილის ჩათვლით, ხოლო მე-2 პუნქტით სამუშაოები უნდა დაეწყო 3 კალენდარული დღის ვადაში (ანუ არაუგვიანეს 15 მარტიდან). როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიმდინარე წლის 23 მარტიდან 22 მაისამდე (საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე) პანდემიის გამო ყველა მიმწოდებელს (მათ შორის შპს „მიმდემს“) აეკრძალათ სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რის გამოც მიმწოდებლისგან დამოუკიდებელი მიზეზების გათვალისწინებით, ფიზიკურად შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სამუშაოების დასრულება. სწორედ აღნიშნული მოტივით მოხდა ერთჯერადად მიმწოდებლისთვის სამუშაოების წარმოების ვადის გახანგრძლივება, თუმცა აღნიშნულ ფაქტს მის ღირებულებაზე გავლენა არ მოუხდენია (ღირებულების გაზრდა არ განხორციელებულა) და სიუჟეტში გაკეთებული შენიშვნა, თითქოს „ადგილობრივების ფულიც უფრო მეტი დაიხარჯა“ აცდენილია რეალობას და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.

  1. სიუჟეტში განხილულ 2018 წლის 22 მარტს გამოცხადებულ „873 000 ტენდერთან“ დაკავშირებით, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც სინამდვილეში არა 873000 ლარს არამედ 892909 ლარს შეადგენდა, განვმარტავთ შემდეგს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში: საყულია, გუბისწყალი (გორიკას უბანი), გეგუთი (კობახიძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე – წმ. გიორგის სახელობის ეკლესიამდე) გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის NAT180004681 აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა (1. შპს „ტობე“, 2. შპს „მამისონი“ და 3. შპს „მიმდემი“), აქედან ორმა მათგანმა მიიღო დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. შპს „ტობე“-ს შემთხვევაში დისკვალიფიკაციის საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მიუხედავად სატენდერო კომისიის მოთხოვნისა პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციიდან დააზუსტა მხოლოდ ხარჯთაღრიცხვები და წარმოადგინა გეგმა-გრაფიკი (ხარვეზის მქონე), თუმცა არ წარმოადგინა დაზუსტებული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ, აგრეთვე გეგმა-გრაფიკში დაშვებული იყო ხარვეზი, კერძოდ სამუშაოების წარმოების ვადად მიუთითა 13 კვირა (91 კალენდარული დღე), მაშინ როცა სატენდერო პირობით სამუშაოების შესრულების ვადად განსაზღვრული იყო 90 კალენდარული დღე. ტელეკომპანია მთავარის მიერ მომზადებული სიუჟეტში ეს ფაქტიც დამახინჯებით არის გადმოცემული და ნათქვამია თითქოს, პირიქით პრეტენდენტი – შპს „ტობე“ 1 დღით ნაკლებ დროში გვთავაზობდა სამუშაოების დასრულებას და წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ამის გამო მიანიჭა მას დისკვალიფიკაცია, რაც სიცრუეა და არ შეესაბამება რეალობას. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ შპს „ტობე“-სთვის დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებაში სატენდერო კომისიის მიერ ნათლად არის განმარტებული თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით და რა საფუძვლებით მიიღო კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება. დამატებით მოგახსენებთ, რომ შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად პრეტენდენტის დისკვალიფიკაციისათვის საკმარისია არსებობდეს თუნდაც ერთი საფუძველი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა სამს (1-ლი – გამოცდილების შესახებ დოკუმენტაციის დაუზუსტებლობა, მე-2 – მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის დაუზუსტებლობა და მე-3 – ხარვეზის მქონე გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა), რომელთაგან სატენდერო კომისიის შეფასებით „კომიკური საფუძველი“, განსხვავებით ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტისგან, არცერთი არ აღმოჩნდა, რადგან სატენდერო კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

დამატებითი ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტენდერში მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა – შპს „მამისონმა“ მისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებულ დავების განხილვის საბჭოში.  დავების განხილვის საბჭომ დასაშვებად სცნო შპს „მამისონის“ მიერ წარდგენილი საჩივარი, იმსჯელა და არ დააკმაყოფილა აღნიშნული საჩივარი, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ნათლად მიუთითა, რომ სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,  რაც გულისხმობს იმას, რომ როგორც ყველა სხვა დანარჩენის, ისე ამ უკანასკნელის შემთხვევაშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისია მოქმედებდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ერთ-ერთი  მედია საშუალებით      ეთერში გასული   ინფორმაცია   დამახინჯებულია, გადაუმოწმებელია, რეალობასთან აცდენილია და კავშირი არ აქვს სინამდვილესთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად