წყალმომარაგების კომპანიის განცხადება დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით

დაბა ურეკის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია არის სიცრუე და ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დაბა ურეკის მოსახლეობის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, 2019 წელს დასრულდა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტი, რომელიც მოიცავდა დაბა ურეკის (მაგნეტიტის), შეკვეთილისა და კაპროვანას ნაწილის წყალმომარაგების ქსელის გამართვას.

სისტემა გათვლილია 1500 აბონენტის მომსახურებაზე და ამჟამად, ქსელში ჩართულ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა აბონენტს წყალი შეუფერხებლად, 24 საათიანი რეჟიმით მიეწოდება.

ურეკის მოსახლეობის ის ნაწილი- 200-მდე აბონენტი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ აქვს წყალი, რამდენიმე წელია, საფასურის გადახდის გარეშე, წყალმომარაგებით სარგებლობს საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით და წყლით მათი უზრუნველყოფის გათვალისწინებით, არ იყვნენ ჩართული ახალ სისტემაში.
დაბა ურეკის წყალმომარაგების ახალი სისტემა მარაგდება 18 კმ მდებარე სათავე ნაგებობიდან და ის ფონდი „ქართუს“ მიერ მოწყობილ ჭაბურღილს არ უკავშირდება.

ტელეკომპანია მხოლოდ მოსახლეობის ნაწილზე დაყრდნობით, ასევე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფთან“ მიმართებაშიც.
სასტუმროს წყალმომარაგების ქსელზე დაერთება მოხდა მხოლოდ ერთი თვის წინ, დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე, მანამდე კი „პარაგრაფი“ წყლით მარაგდებოდა დამოუკიდებელი ჭაბურღილებით, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემასთან კავშირი არ აქვს. ამასთან, ქსელში სასტუმროს ჩართვას ვერანაირი ზეგავლენა ვერ ექნება ფონდი „ქართუს“ მიერ უსასყიდლოდ მოწყობილი ჭაბურღილით მოსარგებლე მოსახლეობის წყალმომარაგებაზე.
დაბა ურეკის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის ფარგლებში, ურეკისა და შეკვეთილის ტერიტორიაზე მოეწყო წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბო სადგური, 2 ახალი რეზერვუარი, 70 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და ამავე მოცულობის წყალარინების ქსელი, გაიბურღა წყალმომარაგების 7 ჭაბურღილი. პროექტის ღირებულებამ 64,8 მილიონი ლარი შეადგინა. პროექტის შედეგად, ტურისტულად აქტიურ კურორტს, მისი არსებობის ისტორიაში პირველად, აქვს გამართული და თანამედროვე წყალმომარაგება-წყალარინების სისტემა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად