წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი – გამრიცხველიანება არის აუცილებელი პირობა, რომ ლაგოდეხის მოსახლეობამ 24 საათიანი წყლის მიწოდებით ისარგებლოს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის, გიგა მანდარიას განცხადებით, ლაგოდეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით ათი დღის ვადაში მოხდება შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

,,მოსახლეობა დათანხმდა გამრიცხველიანებას, იმისათვის რომ მათ 24 საათიანი ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლონ. უნდა ითქვას, რომ გამრიცხველიანება ეს არის აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება და ლაგოდეხის უწყვეტი წყალმომარაგება. მრიცხველების არ არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, რაც მთელ ქალაქს უქმნის პრობლემას და 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ვეღარ ვახერხებთ’’- აცხადებს გიგა მანდარია.

მისვე თქმით, ლაგოდეხში დღეს არსებული ტარიფი 2010 წელს არის დადგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ,,ჩვენ გვაქვს ერთი ტარიფი, რომელიც ვრცელდება როგორც ლაგოდეხში, ასევე მთელ საქართველოში, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს. შესაბამისად, ტარიფი სტანდარტულია. სატარიფო პოლიტიკას ადგენს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია და თუ რა შეიძლება გაკეთდეს, იმისათვის რომ შუალედური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, ამაზე შესაბამის უწყებებთან კონსულტაციების საფუძველზე გადავწყვეტთ. ’’- აცხადებს გიგა მანდარია.
მისივე თქმით, ლაგოდეხში პროექტის დასრულებისა და ახალი სისტემების ექსპულატაციაში გაშვების შედეგად, წყლის ხარისხი სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს.

,,დღეის მდგომარეობით, წყლის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. 2020 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა არც ერთი საჩივარი , რომ წყლის ხარისხზე პრობლემა შეექმნა მომხმარებელს. ჩვენი წარმომადგენლები, შესაბამისი მობილური ლაბორატორიები მუდმივად ადგილზე იმყოფებიან, არანაირი ფაქტი არ არსებობს, იმასთან დაკავშირებით, რომ წყლის ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს. ჩვენ, ახლაც და ნებისმიერ დროს მზად ვართ, წავიდეთ და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად შევამოწმოთ არსებულ ქსელში გამოყენებული მილების ხარისხი “- განაცხადა გიგა მანდარიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

გუშინ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მოადგილესთან ირაკლი ნაფეტვარიძესთან ერთად ლაგოდეხში ჩავიდა. კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად