A1 ბანერი

წყალმომარაგება, გაზიფიცირება და ხულო-გოდერძის გზა – მაღლმთიან აჭარაში მასშტაბური პროექტები იწყება

“მაღალმთიან აჭარაში ვაპირებთ წელს და მომდევნო წელს განვახორციელოთ ძირეული ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება როგორც წყალმომარაგების კუთხით, ასევე დაბების რეაბილიტაციის პროექტი. საბოლოოდ ეს მისცემს მაღალმთიან აჭარას როგორც გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ასევე დამატებით შემოსავალს ტურიზმის თვალსაზრისით.” – აცხადებს „აიპრესთან“ ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

-პირველ კითხვას სოციალურ მდგომარეობაზე დაგისვამთ: მიუხედავად იმისა რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ტურისტული ზონაა და დასაქმების, თუნდაც თვითდასაქმების თვალსაზრისით მეტის საშუალებას იძლევა, ვიდრე სხვა რეგიონები, პრობლემები მაინც მრავლადაა. განსაკუთრებით სოციალური. ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად წელს რა პროექტები გაქვთ დაგეგმილი? თუნდაც საკმაოდ გაპიარებული „ოცნების ქალაქი“ რას შეუცვლის ადამიანებს?

ე.წ მუყაოს ქალაქის პრობლემა იყო ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა აჭარაში. ზოგადად, ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები არის საკმაოდ ღრმა, თუმცა მოცემულობა რაც მე და ჩემს მთავრობას დაგვხვდა, საკმაოდ კრიტიკული იყო. დაახლოებით ათასი ბავშვი ცხოვრობს იმ დასახლებაში და ყოფითი და ჰიგიენის პრობლემები აქვს იმ ოჯახებს. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობასთან და პრემიერთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვეგვარებინა აღნიშნული საკითხი. ეს იქნება ერთ-ერთი ის გადაწყვეტილება, რომელიც აჭარის რეგიონში შეძლებს სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

იქ ჩასახლებული ოჯახები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდანაა და მათ საცხოვრისებით უზრუნველყოფა გამოიწვევს ავტომატურად მათი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

რაც შეეხება სხვა სოციალურ პროექტებს, ბუნებრივია გაგრძელდება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით ეტაპობრივი დახმარება. ბიოლოგიური პროცესები მაღალმთიან აჭარაში საკმაოდ ინტენსიურია და ბუნებრივია, ძალიან პრაქტიულად მოვახდენთ ამ ყველაფერზე რეაგირებას.

ყველა ის ეკონომიკური პროექტი და მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით ინკლუზიური ეკონომიკის ხედვა ემსახურება სწორედ იმას, რომ მთაშივე შევძლოთ შესაძლებლობების შექმნა ადამიანებისთვის. იმ პირველადი სოციალური პრობლემების მოგვარების შემდეგ, უკვე ამ ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად შევძლოთ მოსახლეობას მივცეთ შემოსავლის წყარო მთაში.
უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, დაიგეგმა და გრაფიკის მიხედვით მივდივართ. ეს იქნება კრიზისის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გადაწყვეტილება.

-ხედვები გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რა კეთდება ისეთი, რასაც ადამიანი საკუთარ თავსა და მდგომარეობაზე იგრძნობს?

მაღალმთიან აჭარაში ვაპირებთ წელს და მომდევნო წელს განვახორციელოთ ძირეული ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება როგორც წყალმომარაგების კუთხით, ასევე დაბების რეაბილიტაციის პროექტი. საბოლოოდ ეს მისცემს მაღალმთიან აჭარას როგორც გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას, ასევე დამატებით შემოსავალს ტურიზმის თვალსაზრისით.

მაღალმთიანი აჭარა მცირემიწიანია და ამიტომ საჭიროა ტურიზმთან ბმაში მოხდეს სოფლის მეურნეობის და ასევე სხვა დარგების განხილვა და შემოსავლის შექმნა იქ მაცხოვრებლებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ხულო-გოდერძის გზის დაწყება და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ გზის დაწყებას.

1985 წლიდან, პრაქტიკულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი მაღალმთიან აჭარაში არ განხორციელებულა და ბუნებრივია, ყურადღება როგორც მთავრობის, ასევე მოსახლეობის მოლოდინების თვალსაზრისით, ძალიან დიდია.

ამავე დროს, გოდერძი ძალიან აქტიურად ვითარდება. წელს უკვე ჩვენ დავიწყებთ გაზიფიცირების მეორე ეტაპს და მთლიანად შევკრავთ წრედს, რომელიც უზრუნველყოფს აჭარაში გაზიფიცირების პროცესის დასრულებას. განსაკუთრებით მახარებს, რომ მაღალმთიან აჭარაში უკვე მოხდება გაზიფიცირება ინდივიდუალურ დონეზე. პირველი ეტაპი ჩვენ დავასრულეთ შარშან და მეორე ეტაპი წელს დასრულდება.

-ხომ არ აპირებთ მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას ხელი შეუწყოთ საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ტურიზმის განვითარებისთვის. საუბარი მაქვს შეღავათიან სესხზე ან კრედიტზე?

ჩვენი ხედვა არის შემდეგი: სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ინფრასტრუქტურას. როცა მიდის გზა, კომუნიკაციები, გაზიფიცირება, ეს უკვე უზრუნველყოფს ბიზნესის სტიმულირებას და კომერციული საწყისების შექმნის შესაძლებლობას. დონორ ორგანიზაციებთან ჩვენ გვაქვს ახლა კონსულტაცია და ვაპირებთ როგორც საოჯახო ბიზნესების, ასევე ფერმერული მეურნეობების კუთხით ხელშეწყობას. გვსურს გამოიყოს გრანტები, შეღავათიანი კრედიტები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოსახლეობას განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ჩაერთონ ეკონომიკურ აქტივობაში. თითოეულ ოჯახში გაჩნდეს დამატებითი შემოსავალი.

2 წლის პერიოდში გვინდა რომ სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით იყოს უპრეცედენტოდ მაღალი მონაცემები.

თორნიკე რიჟვაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას ხვალ შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...