ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს

“ფრენაც კარგად გადაიტანა. უტარდება კვლევები და მკურნალობა”,-ამის შესახებ “აიპრესს” ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.

როგორც ანა ჯაბაურმა “აიპრესთან” საუბრისას განაცხადა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ცოტნე გამსახურდია მკურნალობას თურქეთში განაგრძობს.

“ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია, არავითარ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. ფრენაც კარგად გადაიტანა. უტარდება კვლევები და მკურნალობა. სავარაუდოდ, მალე მეც იქ ვიქნები და უფრო დაწვრილებით ადგილზე შევიტყობ ყველაფერს.”,-აცხადებს ანა ჯაბაური “აიპრესთან” საუბრისას.

ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.

მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, რამდენიმე დღის წინ კი თურქეთში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ცოტნე გამსახურდიას 2 ჭრილობა გულ-მკერდში, 4 დაზიანება კი თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად