ცხვიტარია: ქალაქის ცენტრში, სახურავზე, ლეღვის ხე ამოსდით ხალხს!

“ჩვენ იმდენი პრობლემის და გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ყველაფერს ნამდვილად ვერ აღმოფხვრიდით.”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ ,,აიპრესთან,, ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფოთში არსებული პრობლემების გამო, ხშირად აკრიტიკებთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, მაგრამ ეს პრობლემები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც იყო აქტუალური. მითუმეტეს მაშინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა გეკავათ, რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხების მოგვარება?” ცხვიტარია განმარტავს:

“ჩვენ იმდენი პრობლემის და გამოწვევის წინაშე ვიდექით, რომ ყველაფერს ნამდვილად ვერ აღმოფხვრიდით. ეს შეუძლებელი იყო ფიზიკურად, დაქცეულ ქვეყანაში მოვედით, არც წყალი, არც შუქი. ახლა ტენდენციას რომ ვუყურებ, ჩვენ რომ დაგხვდა სამართალ მემკვიდრეობა, ისეთი ამათ რომ დახვედროდა, შეიძლება ორბიტაზე არც ვყოფილიყავით. მხოლოდ უმადური ადამიანები ამბობენ, რომ არაფერი გაგვიკეთებია. რა თქმა უნდა, ჩვენც დავტოვეთ ბევრი რამ გასაკეთებელი მაგრამ, შე ოჯახაშენებულო ნახევარი ჭიქა წყალი რომ დაგხვდა, აავსე, პირიქით რატომ აშრობ?! 14-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი დავახვედრეთ და სამი მილიარდი დასახარჯი ფული. ჩვენ 80% ვალი დაგხვდა და 30%-მდე ჩამოვიყვანეთ. ფოთში 2012 წლიდან დღემდე, არაფერი ღირებული არ გაკეთებულა.

საუკუნის პროექტი _ ცენტრალური სტადიონი როგორი დამახინჯებულია, რომ ვნახე გული მეტკინა, კინაღამ მოვკვდი ქალი. ტროტუარის ფილებით გაკეთებულ სტადიონზე მერმა თქვა ერთ-ერთი საუკეთესოაო. პირდაპირ თვალში ნაცარს გვაყრიან. თურმე აღმოფხვრეს პრობლემა იმით, რომ ის ადგილი სადაც საშხაპეში შესრიალების გარეშე ვერ ახერხებდა ადამიანი შესვლას, ამოქოლეს. ეს არის პრობლემის აღმოფხვრა? საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი“ გავარდნის კანდიდატია, ამაზე არავინ არ ზრუნავს. ფოთისთვის ეს არის ძალიან სენსიტიული თემა, ბრენდია ამ ქალაქის, აქ დაირწა ფეხბურთის აკვანი; სამშობიარო სახლი დაიხურა, რამდენი ხანი არ უნდა დაიბადოს ქალაქში ბავშვი? ფოთელ ბავშვებს დაბადების მოწმობაში სენაკელი, ზუგდიდელი და ასე შემდგ უწერიათ; თეატრის მშენებლობა ჩვენს დროს დაიწყო და 2014 წლის არჩევნებისთვის, დააჩქარეს და მიაფუჩეჩეს, მილიონები ჩაილაგეს ბესელიას მეშვეობით ჯიბეში და დღეს ისევ გასაკეთებელია თავიდან; ქალაქის ცენტრში სახურავზე ლეღვის ხე ამოსდით ხალხს, აწვიმთ, ათოვთ, მეშვიდე წელია არავინ ყურადღებას არ აქცევს. რომელი ერთი პრობლემა ჩამოვთვალო. ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი იყო ხარისხიანი.”,-განაცხადა ცხვიტარიამ.

 

მასალის ავტორი ანა ჯახაია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად