„წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“ – ნაშრომები რეპრესირებულ შემოქმედებზე

მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმმა I ექსპერიმენტარული სკოლის მიერ ინიცირებულ ინტერდისციპლინარული და თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის „წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“ დასკვნით ტურს უმასპინძლა. ღონისძება მუზეუმების ფესტივალს „მუზეუმის გაზაფხულს“ მიეძღვნა.

პროექტი სკოლებსა და მუზეუმებს შორის თანამშრომლობას  ითვალისწინებდა და მასში ჩართულები იყვნენ I ექსპერიმენტული სკოლის, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის № 51 საჯარო სკოლისა და კლასიკური გიმნაზიის X და XI კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა მოიძიეს მუზეუმებში დაცული და ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ უცნობი ის მასალები, რომელიც ეხებოდა რეპრესირებულ ქართველ შემოქმედთა ტრაგიკულ ხვედრს და საბჭოთა პერიოდის ასახვას ქართულ მწერლობაში.

პროექტის პარტნიორები  მიხეილ ჯავახიშვილის ბინა – მუზეუმი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, ჯგუფი „ქართუ“, საქართველოს უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ.

დასკვნით ტურს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, ევროკავშირის კულტურის ატაშე ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები თამარ ტალიაშვილი და დავით მალაზონია ესწრებოდნენ.

კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა მოსწავლეთა ნაშრომები და გამოავლინა გამარჯვებულები: ლექსო საბიაშვილი – კლასიკური გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე თემით „ინტელიგენციის პრობლემა მიხეილ ჯავახიშვილის რომანებში“, ლინა ბუზიაშვილი – 51-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თემით – „წითელი გველეშაპი ბროლის კოშკს მოხვევია“, ლევან ხარბედია და გიორგი ჯანჯღავა – I ექსპერიმენტული სკოლის X კლასის მოსწავლეები თემით – „ცოდოსა და განგების ეთიკის კონცეფცია მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში“.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში  სიახლეა და მსგავსი აქტივობების დანერგვა  ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას წაადგება.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად