ციხელაშვილი: სამწუხაროდ, გუგუტიანთკარში უკანონო პროცესები მიმდინარეობს

ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, გუგუტიანთკარში უკანონო პროცესები მიმდინარეობს, რითაც საოკუპაციო რეჟიმი ჩვენ ძალიან რეგულარულად გვახსენებს თავს. ესაა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომები -იქნება  ეს უკანონო მავთულხლართებისა და ღობეების გავლება, თუ ადამიანების დაკავება და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით მობილიზებულია სრულიად დიპლომატიური რესურსი, რათა  ერთობლივად შევძლოთ ამ ძალიან მტკივნეული პროცესის შეკავება. ეს ის რეალობაა, რომელიც, საუბედუროდ, 2008 წლიდან გვაქვს და რომელსაც ყოველ დღე ვუმკლავდებით.

ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამას ერთადერი სწორი პასუხი უნდა გავცეთ – სამშვიდობო პოლიტიკითა და იმ მოსახლეობის დახმარებით, რომლებიც ამ ყველაფრით ზარალდება. ეს არის ჩვენი ძალიან პრინციპული და შეურიგებელი პოლიტიკა.

გუშინ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ეთად გუგუტიანთკარში გახლდით, სადაც  მოსახლეობას შევხვდით. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ხელისუფლების მზაობა, რომ გავაგრძელოთ და კიდევ უფრო დავაჩქაროთ ტემპები იმ ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტებისა, რომებიც  უკვე წლების განმავლობაში ხორციელდება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, რათა მოსახლეობას გვერდში დავუდგეთ. ეს მოიცავს გაზიფიკაციას, წყლით მომარაგებას, სწავლის დაფინანსებას ყველა სტუდენტისათვის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის პროექტებს და ა.შ. ძალიან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობა, რომელიც გუგუტიანთკარსა და სხვა სოფლებში ცხოვრობენ, პირველია იმ მშვიდობიან ფრონტის ხაზზე, რომელიც ოკუპაციას უპირისპირდება ყოველდღიურად თავიანთი შრომით, იქ ყოფნით და ცხოვრებით.  ჩვენი ვალდებულებაა ისინი გავაძლიეროთ და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა ეს პირობა სახელმწიფოს მხრიდან. დიახ, ოკუპაციის პოლიტიკას განვითარებით, მეტი განათლებით, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობებით, მეტი გაძლიერებითა და გაუტეხლობით უნდა ვუპასუხოთ.

გუშინვე პრემიერ-მინისტრთან ერთად ახალუბანში მოვინახულეთ რვა ახალგაზრდა, რომელიც  ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობიდან იქნა გათავისუფლებული. პრემიერმა მადლობა გადაუხადა მათ სწორედ  შეუპოვრობისა და გაუტეხლობისათვის, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ამ პროვოკაციებს გავუმკლავდეთ. არა მხოლოდ მათი ოჯახებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის ძალიან სასიხარულოა, რომ უშუალოდ ამ ახალგაზრდების განთავისუფლება მოხერხდა. თუმცა, ეს, თავისთავად, ფაქტის სიმძიმეს არ ამსუბუქებს. მოგეხსენებათ, ესეც საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. გაცილებით მეტ ადამიანს აკავებენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებადზე გადმოსვლის მცდელობისას, ვიდრე პირიქით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს არც ეთნიკურობას და არც იმას,  გამყოფი ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობს ეს ადამიანი. თუ რაიმე პოზიტივზე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს არის გაზრდილი ინტერესები გამყოფი ხაზების გასწვრივ ურთიერთობების და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ხელშესახები შედეგები სამშვიდობო პოლიტიკის იმ ნაწილში, რომელიც ჩართულობას, შერიგებასა და ახლა ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ეხება“- აცხადებს ქეტევან ციხელაშვილი.

მინისტრის კომენტრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად