ციხელაშვილი: პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ეთნიკურ ჭრილში გადატანის მცდელობები მიუღებელია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის საკითხის ეთნიკურ ჭრილში გადატანა მიუღებელია. მისი თქმით, "მსგავსი ტიპის ოპერაციებს არ აქვს და ვერ ექნება ეთნიკური მოტივაცია".

"ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები, რომლის თავიდან აცილებაც სახელმწიფოს მოვალეობაა და რაც ხორციელდება კიდეც, თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთოხებას ეხება. პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი მოსახლეობა ამ ქვეყნის ღირსეული და პატრიოტი მოქალაქეები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მათ არ სურთ არანაირი პროვოკაცია და დაპირისპირება. პანკისის ხეობის მიმართ ნამდვილად გვაქვს პოლიტიკა, და ეს არის ხეობის მეტად განვითარების, მისი სოციალურ ეკონომიკური, კულტურული თუ ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობის, იქ მცხოვრები მოსახლეობის მეტად ინტეგრირებისა და ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვნად ჩართვის პოლიტიკა, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება და განხორციელდება",- აცხადებს მინისტრი. 

მისივე თქმით, "ძალიან სამწუხაროა, რომ ექიმების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა".

"შვილის დაკარგვა მშობლებისა და ახლობლებისათვის უმძიმესი ტკივილია და მიუღებელია ამით პოლიტიკური სპეკულირება. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აუცილებელია დაველოდოთ მიმდინარე გამოძიების შედეგებს",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშილი 10 იანვარს გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი თელავის კლინიკიდან თბილისში გადმოიყვანეს და მკურნალობას წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში აგრძელებდა.

ოჯახი მის გადაყვანას და მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ მოითხოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად