ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა ევროპული მემკვიდრეობის პრიზი მოიპოვა

21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის / ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა. წლევანდელ გამარჯვებულთა შორისაა ციხე-სოფელი მუცოს (საქართველო) რეაბილიტაციის პროექტი. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ჟიურიმ აღნიშნა, „ეს პროექტი ეხმიანება მთის თემების დეპოპულაციის პრობლემას – გამოწვევას, რომლის წინაშეც მთელი ევროპა დგას. ამ მემკვიდრეობის რესტავრაციამ განაპირობა ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლება მათი არამატერიალური მემკვიდრეობისა და კავკასიელი ხალხის ისტორიის შესახებ, რამაც, თავის მხრივ, წაახალისა მემკვიდრეობასთან მათი ურთიერთობის აღდგენა. პრიორიტეტად იქნა მიჩნეული ტრადიციული ხელოსნობის გაგრძელება, რაც უზრუნველყოფს მის სამომავლო შენარჩუნებას. მისასალმებელია რეაბილიტაციის გზაზე მრავალი გამოწვევის, მათ შორის, რთული რელიეფისა და ინფრატრუქტურის სიმწირის დაძლევა“.

 

კომენტარები
იტვირთება...