“ციანიდის საქმეში” გაუთქმელობის ვალდებულებაზე საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას ხვალ დაიწყებს 

“ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ნორმებს, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას ეხება.

მისივე განმარტებით, გაუთქმელობის ვალდებულებით, მათ დაცვის უფლება შეეზღუდათ და ბრალდების მხარესთან არათანაბარ პოზიციაში აღმოჩნდნენ.

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს სარჩელს დააკმაყოფილებს,ასეთ შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი იქნება,როგორც სტრასბურგის სასამართლოსთვის ასევე შიდა გადასინჯვისთვის და კიდევ ერთხელ მოხდება იმის დემონსტრირება რამდენად ცალმხრივად წარიმართა დაცვის უფლების შეზღუდვის ფარგლებში მთელი “ციანიდის საქმის” განხილვა სასამართლოს სამი ინსტანციის განმავლობაში.”-აცხადებს გიორგი ფანცულაია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განმარტებით ” ციანიდის საქმეზე” სარჩელი სტრასბურგის სასამართლოსთვის ამ ეტაპზე მზადების პროცესშია. მანამდე კი სასამართლოში გასაჩივრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლი, რომლებიც ცალმხრივად ადებს დაცვის მხარეს გაუთქმელობის ვალდებულებას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავი ნორმები დაცვის მხარეს არათანაბარ პირობებში აყენებს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს და სწორედ ამ ნორმებმა არ მისცა მათ დაცვის სრულყოფილად განხორციელების საშუალება “ციანიდის” საქმეზე. საჩივრის მომზადებაში რამდენიმე კონსტიტუციონალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩაერთო.

სარჩელის განხილვა სასამართლოში ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო

ცნობისთვის, 2017 წლის 5 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ, ბესიკ ბუგიანიშვილმა “ციანიდის საემში” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად