ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტროშოკი – 9 თვეში სკოლებიდან 930 აკრძალული ნივთი ამოიღეს

2018 წლის 17 სექტემბრიდან 2019 წლის ივნისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებიდან 930 აკრძალული ნივთი ამოიღეს. აკრძალულ ნივთებს შორის ვხვდებით ისეთ საგნებს როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი და ელექტროშოკი.

როგორც “აიპრესს“ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, 2018 წლის 17 სექტემბრიდან, 2019 წლის 4 ივნისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით მდებარე საჯარო სკოლებიდან, მოსწავლეების უკონტაქტო დათვალიერების შედეგად, 930 აკრძალული ნივთი ამოიღეს.

მანდატურის სამსახურის მიერ ამოღებულ აკრძალულ ნივთებს შორის ვხვდებით 1 ცეცხლსასროლ იარაღს, 40 ცივ იარაღს და 3 ბლაგვ საგანს.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ამოღებული თამბაქოს ნაწარმი და სანთებელა, მათი რაოდენობა  დროის მოცემულ მონაკვეთში(17 სექტემბრიდან 4 ივნისამდე)  646 ერთეულს შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ აკრძალულ ნივთების, რომლებიც მოსწავლეებს უკონტაქტო დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდათ,  მათი რაოდენობა შემდეგნაირად გამოიყურება:

ბანქო ან სხვა აზარტული სათამაშო საშუალება-123

კასტეტი-20

საახალწლო ასაფეთქებელი (პიტარდა)-34

ელექტრო სიგარეტი-46

ელექტროშოკი-2

ნარკოტიკის მოხმარებისთვის საჭირო ნივთები (მარიხუანას მოსაწევად გამზადებული პლასტმასის ბოთლი, ბულბულატორი, დაჩხვლეტილი სათითე)- 12 ერთეული.

შეგახსენებთ, ამ ეტაპისთვის მანდატურის სამსახური მთელი ქვეყნის მასშტაბით 486 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. თუმცა, იმ სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მანდატურის სამსახური არ არის წარმოდგენილი, სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა გარკვეულ პირებს აქვთ მინიჭებული.

ახალი სასწავლო წლიდან, კი ყველა იმ სკოლაში, სადაც მანდატურის სამსახურია წარმოდგენილი, უფლებამოსილი პირები დეტექტორებით აღიჭურვებიან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას მოახდენენ.

ამასთანავე, უსაფრთხოების წესის თანახმად, თითოეული საჯარო  სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოთვალთვალის სისტემით აღჭურვა.

ვიდეოსათვალთვალო სისტემის ყოველდღიურ გამოყენებას და ადმინისტრირებას უზრუნველყოფს მანდატური/უფლებამოსილი პირი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შენახვასა და კონფიდენციალურობის დაცვაზე. სასკოლო დროს, ვიდეომეთვალყურეობა განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...