მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე ხმის მისაცემად სამგორის ამომრჩეველი მივიდა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ამომრჩეველთა აქტივობისა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე საარჩევნო უბანზე, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და მასში შემავალი საუბნო კომისიები, დაფიქსირდა ისეთი ამომრჩევლების მისვლა, რომლებიც არ არიან №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ან იმ კონკრეტული უბნის ამომრჩევლები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში, საარჩევნო უბანზე მივიდა სამგორის ოლქის ამომრჩეველი. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ასეთ შემთხვევას გადაამოწმებს და ჩაინიშნავს. მივმართავთ მოქალაქეებს, ხმის მისაცემად მივიდნენ მხოლოდ ის უფლებამოსილი ამომრჩევლები, რომლებიც 9 ივნისის მეორე ტურის არჩევნებისთვის არიან რეგისტრირებული შესაბამის უბნებზე“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგინა 13.2%, რაც რაოდენობრივად არის 5 814 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნების პირველ ტურზე, 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა იყო 10.4%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...