ცენტრალური საარჩევნო კომისიის და იმ საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა, სადაც  29 აპრილს შუალედური/რიგგარეშე არჩევნები ტარდება, ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს: კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.

კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ამომრჩევლები აირჩევენ: პარლამენტში ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.