“წაშლილია არქივის ნაწილი, დასაკავშირებლად 6 საათი მოგვცეს”-შესაძლო ჰაკერული შეტევა TV 25-ზე

TV 25-ზე გუშინ საღამოდან მოყოლებული შესაძლო ჰაკერული შეტევა ხორციელდება, რის გამოც ტელევიზიიის საინფორმაციო გამოშვება 20:00-ზე ეთერში ვერ გავიდა, ხოლო მთავარი საინფორმაციო გამოშვება 20:30 საათზე იმ მასალით გავიდა ეთერში, რაც შეტევისას გადარჩა.

როგორც "აიპრესს" ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა სულხან მესხიძემ უთხრა, ამას გარდა წაშლილია საარქივო მასალის დიდი ნაწილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. გამომძიებლები ახლაც ტელევიზიაში იმყოფებიან. 

მესხიძის თქმით, გუშინ თავდამსხმელებმა 25 აშშ დოლარი მოითხოვეს, რაც ტელეკომპანიის ადმინისტრაციამ არ დააკმაყოფილა. დღეს კი მათ ფული აღარ მოუთხოვიათ და ტელევიზიის წარმომადგენლების მათთან კონტაქტზე გასვლას ითხოვენ.

"შესაძლო ჰაკერული შეტევა გუშინ საღამოს განხორციელდა, შუადღის შემდეგ. ტელევიზიის ერთ-ერთ სამონტაჟოში ეკრანზე გამოჩნდა ინგლისურენოვანი შეტყობინება. ჰაკერი ითხოვდა თანხის გადარიცხვას. იმუქრებოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფაილებს დააზიანებდა. მოთხოვნას ბუნებრივია არ დაემორჩილა ტელევიზიის ადმინისტრაცია. საპასუხოდ მათ ტელევიზიის არქივის უდიდესი ნაწილი, ასევე საინფორმაციო გამოშვების მიერ მომზადებული სიუჟეტები, რომელიც საეთეროდ იყო გამზადებული ამ მასალის ნაწილი წაშალა. საინფორმაციო გამოშვება 20:00-ზე ეთერში შესასვლელად ემზადებოდა, ქუდი იყო უკვე მზად, წამები ეკლდა ეთერში შესვლას. ფაილები, ის ვიდეოსიუჟეტები, რაც ეთერში უნდა გასულიყო ეტაპობრივად იშლებოდა. მოხდა ისე, რომ საინფორმაციო გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. 

შემდეგი გამოშვება ცხრის ნახევარზე გვაქვს. ამ დროს დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება საგანგებო რეჟიმში გავიდა. მაყურებელს ვაცნობეთ, რომ იყო შეტევა და მასალის ნახევარი წაშლილი იყო, შესაბამისად ჩვენს ხელთ არსებული მასალით გავედით ეთერში. დღეს ხელახლა განმეორდა ეს შეტევა. ეკრანზე ქართულად დაეწერა, რომ ჩვენი ნებისმიერი ქმედება უშედეგო იქნებოდა და თუ მათ მოთხოვნებს არ დავემორჩილებოდით, რადიკალურ ზომებს მიიღებდნენ. რას გულისხმობდნენ ამაში არ ვიცი. 6 საათი მოგვცეს იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები გავითვალისწინოთ", – გვითხრა სულხან მესხიძემ. 

კითხვაზე, მხოლოდ ფული იყო მოთხოვნილი თუ სხვა მოთხოვნებიც ჰქონდათ? – პასუხობს, რომ დღეს ფული აღარ მოუთხოვიათ. 

"დღეს ითხოვდნენ მათთან კონტაქტზე გასვლას. ბუნებრივია ამ ფაქტზე ტელეკომპანიამ შეატყობინა შსს-ს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექისის ორი მუხლით. კიბერშეტევის მუხლებზეა საუბარი. გამომძიებლები ახლაც ტელევიზიაში იმყოფებიან", – აღნიშნა მესხიძემ. 

რაც შეეხება იმას, რა თანხა მოითხოვეს გუშინ ტელევიზიისგან თავდამსხმელებმა, TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მათ სიმბოლური თანხა 25 აშშ დოლარი მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად