საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და  სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.

განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას.

რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.

სიახლეა ისიც, რომ უნივერსიტეტი თავად აღარ დაადგენს  სტიპენდიატთა შესარჩევ კრიტერიუმებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იხელმძღვანელებენ სტიპენდიატთა შესარჩევი საერთო კრიტერიუმებით, რომლებიც დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.

ახალი შესარჩევი კრიტერიუმები, აკადემიურ მიღწევებთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა სასწავლო სტუდენტურ აქტივობას, მათ შორის, საუნივერსიტეტო, ინტელექტუალურ, სამეცნიერო, შემოქმედებით-კულტურულ, სპორტულ ღონისძიებებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში ჩართულობას.  ასევე, კრიტერიუმებში გათვალისწინებულია ისეთი სოციალური ფაქტორები, როგორებიცაა: სოციალურად დაუცველის სტატუსი (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ნაკლები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრობა (4 და მეტი შვილი) და სხვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია მოტივირებული, მშრომელი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაფასება და მათი წახალისება. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობების შეთავაზებას.