წარადგინე შენი იდეა მუნიციპალიტეტში და შენ გადაწყვიტე, რა გაკეთდეს შენს რეგიონში

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ USAID-ის მხარდაჭერით მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში მოსახლეობის ჩართვა და ადგილობრივების იდეებით რეგიონის განვითარებაა.

პროექტი სოციალურ სამართლიანობას ზრდის და როგორც მოქალაქეებს, ისე ადმინისტრაციულ დაწესებულებებს ახლებული ხედვის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

რას გულისხმობს მონაწილეობითი ბიუჯეტი?

მონაწილეობითი ბიუჯეტი მუნიციპალური ბიუჯეტის ის ნაწილია, რომელსაც მოსახლეობა გამოცხდებული პრიორიტეტებიდან გამომდინარე თავად გეგმავს. 2021 წლისთვის ლანჩხუთის მერიამ პრიორიტეტებად განათლება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა შეარჩია.

მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი 5 ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე ეწყობა იდეების კონკურსი, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს 21 აგვისტომდე მერიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე საპროექტო იდეების წარმოდგენა შეუძლიათ. მეორე ეტაპზე საპროექტო იდეები შეირჩევა, ხოლო მესამეზე — ამ იდეებისთვის პროექტი მომზადდება. შემდეგ ეტაპზე მოსახლეობის მიერ შემუშავებული იდეები პორტალზე www.idealanchkhuti.ge განთავსდება და ლანჩხუთის მუნიციპალტეტის (როგორც ქალაქი, ასევე მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები) ნებისმიერი მაცხოვრებელი მისთვის სასურველ 3 იდეას მისცემს ხმას. ბოლო ეტაპზე კი შედეგები დაითვლება და გამარჯვებულები გამოცხადდებიან.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს შენი იდეა?

უპირველეს ყოვლისა, იდეა მერიის მიერ შერჩეულ თემატიკას — ახალგაზრდობას, სპორტს, კულტურას ან განათლებას უნდა ეხებოდეს. ამასთან, მისი განხორციელების სავარაუდო ღირებულება მინიმუმ 17500 და მაქსიმუმ 35 000 ლარი უნდა იყოს. აუციელებლია, მას თან ახლდეს მოკლე აღწერა თუ რა სარგებელს მოუტანს პროექტი ლანჩხუთს. იდეას არ უნდა ჰქონდეს კომერციული დატვირთვა და მისი ავტორი ან ავტორები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში უნდა იყვნენ რეგისტრირებული. ამასთან, იდეის განხორციელება შესაძლებელი უნდა იყოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში.

რატომ უნდა წარადგინოთ იდეა?

მოსახლეობის ჩართულობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი დაიწყო! წარადგინე 21 აგვისტომდე იდეა მუნიციპალიტეტში და თავად გადაწყვიტე, რა გაკეთდეს შენს რეგიონში!

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად