„ნაცმოძრაობის“ საბოლოო დაშლისა და დეგრადირების პროცესს ვაკვირდებით. ამის იმედი მაქვს და ამის ერთ-ერთი გამოვლენა ვიხილეთ გუშინდელ სხდომაზე -  ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობის“ საბოლოო დაშლისა და დეგრადირების პროცესს ვაკვირდებით. ამის იმედი მაქვს და ამის ერთ-ერთი გამოვლენა ვიხილეთ გუშინდელ სხდომაზე. უკვე ერთი წელია, მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ წარმოგვიდგინა 12 პუნქტი შესასრულებლად, მათი მთავარი გეგმა არის, რომ როგორმე ეს პუნქტები არ შესრულდეს. გაიხსენეთ პირველივე დღეები, როცა სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პარლამენტის თავმჯდომარის განკარგულებით. ამ ჯგუფებში მუშაობის ჩაშლიდან დაწყებული, დამთავრებული გუშინდელი დღით. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მივიღეთ და ამით ერთ-ერთი პუნქტიც შევასრულეთ. აქაც მათი უმრავლესობა კენჭისყრაში არ მონაწილეობდა. ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე ჩაიშალოს ეს ყველაფერი და ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აყოლილები არიან პანიკურ შიშს - ფიქრობენ, რომ 12 პუნქტის მიღება და წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე გაფორმდება, როგორც ხელისუფლების უდავო წარმატება და ეს გამოიწვევს მათ კრახს მომავალ არჩევნებზე. მხოლოდ ამაზე ფიქრობენ. ერთი დღით ცხოვრობდნენ, პერსპექტივას არასდროს უყურებდნენ. ყოველთვის ერთი დღის გადაგორებით იყვნენ დაკავებულები - აი, ამ დღეს იქნებ ვიღაც გავანადგუროთ, მომდევნო დღეს იქნებ ვინმე მოვსპოთ, შემდეგ კვირას ვინმეს საკუთრება წავართვათ, მომავალ თვეს ვინმე გამოვკეტოთ ციხეში, შემდეგ თვეში ლაზათიანად ერთი მიტინგი დავარბიოთ - ასე ცხოვრობდნენ. ოღონდ აღარ აქვთ შნო და ლაზათი, რომ საოცარი ორომტრიალი დაატრიალონ ქვეყანაში და დაამხონ ეს ქვეყანა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.