ტრენინგი თემაზე „პირველადი დახმარება კულტურული მემკვიდრეობისთვის კრიზისის დროს“ 14-16 ივლისს გორის სერგი მაკალათიას ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდება

ტრენინგის ხანგრძლივობაა 3 დღე და მას გაუძღვება ქალბატონი რებეკა კენედი, კულტურული მემკვიდრეობის პირველადი დახმარების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ამ დარგში.

16 ივლისს დაგეგმილია სიმულაციური სავარჯიშოები, რომლის დროსაც მოხდება დაზიანებული სამუზეუმო ობიექტების გადარჩენა და საგანგებო ევაკუაცია.

ტრენინგი განკუთვნილია როგორც გორის სერგი მაკალათიას მუზეუმის თანამშრომლების, ისე შიდა ქართლის 12 მუზეუმის 25 წარმომადგენლისთვის. მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ინფორმაციას კრიზისულ მდგომარეობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გზების შესახებ და ჩაერთვებიან პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

ტრენინგი დაგეგმილია ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის პროექტის – “გორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვა” – ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდ ALIPH-ის ფინანსური მხარდაჭერით 2020-2022 წლებში.

კომენტარები
იტვირთება...