ტრაპაიძე გვარამიაზე: დისკუსიას არ გავაგრძელებ მასთან, ვისთვისაც მედია დროებითი თავშესაფარია და პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს

ამის შესახებ “ტვ პირველის” წამყვანმა დიანა ტრაპაიძემ გადაცემის დაწყებამდე განაცხადა.

“რუსთავი 2″-ის დირექტორმა ღამის ეთერში მოიცალა რამდენიმე სტატუსის განსახილველად, ერთ-ერთის ავტორი მეც ვარ, სადაც ვწერდი რომ პროფესიაში ყოფნის აზრს ვერ ვხედავ. დირექტორმა თქვა, რომ ჩვენი ყველას მიზანი ერთადერთი ფანჯრის დახურვაა.

ჩემი აზრით ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტიკის და არც მაყურებლის ინფორმირების ბედს ვერ წყვეტს ვერავინ ცალკე აღებული. ამ პროფესიაში ყოველთვის ვიყავით ადამიანები, რომლებიც მათ შორის მისგან დახურული ფანჯრის შემდეგ ვპოულობდით სივრცეებს, თუნდაც მცირე მასშტაბის და პროფესიაზე უარი არ გვითქვამს. ეს უპირატესობა მაძლევს საშუალებას არ გავაგრძელო დისკუსია, სოციალურ ქსელში მათ შორის, იმ ადამიანთან ვისაც კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგი აღელვებს და მედია დროებითი თავშესაფარია.

ვფიქრობ, რომ გინება არ არის ჟურნალისტიკა, ამას არ მოაქვს სიკეთე საზოგადოებისთვის, ალბათ უფრო პირიქით. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიუღებელი იყო საგანგებო განცხადებებში დასჯაზე მინიშნება. გაუგებარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება”, – განაცხადა დიანა ტრაპაიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ არაეთიკური განცხადებები გააკეთა, რის გამოც ტელეკომპანიამ ბოდიში მოიხადა.

გაბუნიას არაეთიკური სიტყვას პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვა ნაწილის მხრიდან არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

დიანა ტრაპაიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერ ხედავს ჟურნალისტიკაში ყოფნის აზრს, რასაც გვარამია გამოეხმაურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...