ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში განბაჟებას არ საჭიროებს და მენტალურ რევოლუციას იწვევს

საქართველოში სულ რამდენიმე ელექტრომობილი მოძრაობს.  უახლოეს პერიოდში ჩინეთიდან კიდევ რამდენიმეს შემოიყვანენ. ელექტრომობილების უპირატესობაზე “სითი კვირა” საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ოგბაიძეს ესაუბრა.

– რამდენი ელექტრომობილი არსებობს საქართველოში?

– თავად ორ წელიწადზე მეტია, თბილისში ერთ-ერთი პირველი თაობის ელექტრომობილით დავდივარ.  ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რამდენიმე წლის წინათ ფირმა „მიცუბიშიმ“  იაპონიის მთავრობის საშუალებით საქართველოს მთავრობას  პოპულარიზაციისთვის ხუთი  ავტომობილი  გადასცა საჩუქრად. მე თვითონ გახლდით ამ პროგრამის კოორდინატორი და პრომოუტერი, რომელიც  ამ ავტომობილს ტესტირებას ვუწევდი და ვუწევ. ამდენად, მჭიდრო კონტაქტი მაქვს ქარხანა-დამამზადებელთან. ეს ავტომობილები ამჟამად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კერძოდ კი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მფლობელობაშია. ერთ-ერთი მე მყავს.

ეკოლოგიური დანიშნულების გარდა,  რა უპირატესობა აქვს ელექტრომობილს?

– შემიძლია გითხრათ ჩემი პირველი შთბეჭდილება –  ელექტრომობილი ერთგვარ მენტალურ რევოლუციას იწვევს ადამიანში, ანუ სხვაგვარად იწყებ აზროვნებას. პირველივე შთაბეჭდილებაა ის, რომ არ ისმის ძრავის ღმუილი. მერე შეგრძნება იმისა, რომ არ აბინძურებთ გარემოს. ამას დავუმატოთ ყველაზე მთავარი – ფინანსური ხეირი. თუ ჩვეულებრივ საშუალო ზომის, საწვავზე მომუშავე ავტომობილით ქალაქში 100 კილომეტრის გავლა, მინიმუმ 20 ლარამდე მიჯდებოდა,  ელექტრომობილით ამ მანძილის გავლა 1,80 ლარიდან  არასრულ 2 ლარამდე მიჯდება.

 თუ არსებობს ელექტრომობილების წამახალისებელი რეგულაციები?

– შეგვიძლია ვიტრაბახოთ, საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა,  რომელიც  ელექტრომობილების მიმართ კეთილგანწყობილი ქვეყანაა.  ყველა ავტომობილზე განბაჟების გარკვეული თანხა არის გადასახდელი, საქართველოში დღეს მოქმედი კანონმდებლობით კი, თუ თქვენ,  ასეთი ტიპის ავტომობილს საზღვარგარეთ შეიძენთ, არაფრის გადახდა მოგიწევთ. ეს წაახალისებს ელექტრომობილის იმპორტს საქართველოში.  იმის რესურსიც არსებობს, რომ ელექტრომობილის მყიდველიც დარჩეს წახალისებული

– რამდენად დამკვიდრდება ელექტრომობილი საქართველოში ?

– ეს შეუქცევადი პროცესია  და უახლოესი 10-15 წელი, ჩემის აზრით, მაინც ელექტრომობილებისაა.

– რამდენად კომფორტული ავტომობილია ?

– ელექტრომობილს მხოლოდ აკუმულატურული  ბატარეა აქვს.  ანუ აკუმულატორების ნაკრები და ელექტრო ძრავი.  სულ ეს არის. ეს პატარა, კოპწია,  ეკონომიური,  ეკოლოგიური ავტომობილია. მას ზოგჯერ „გუდვილის“ დიდ ჩანთას ვეძახი. პროდუქტების შესაძენად თუ მიდიხარ,  ზედგამოჭრილია. მე ისეთ პოპულარიზაციას ვუწევ, ბიზნესწრეები დაინტერესდნენ მათი შემოყვანით. ახლა, მალე საქართველოში ჩინეთიდან გასაყიდად ახალი ელექტრომობილი პირველად შემოვა. ეს კომპანია   საცდელად შემოიყვანს რამდენიმე ცალს და „პრომოუშენს“ ერთად გავუკეთებთ. პირველი ელექტრომობილი  ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. მართალია, მან მართვა არ იცოდა…

–  რა ბედი ეწია სააკაშვილის შემოყვანილ ელექტრომობილს?

– ის სახელმწიფოს მფლობელობაშია.

– რამდენად ხელმისაწვდომია ამ ტიპის ავტომობილები?

– ელექტრომობილი,  რომლითაც მე დავდივარ 25-26 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ღირს იაპონიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად