ტრამპმა პუტინს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს შორის ოთხშაბათს, 31 ივლისს, საღამოს სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით მოხდა. დონალდ ტრამპმა რუსეთს ციმბირში ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა. პუტინმა მადლობა გადაუხადა მას და დაარწმუნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება შეერთებული შტატების წინადადებას მიიღებს.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ამგვარი ნაბიჯი მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენის იმედს აძლევს.
მანამდე, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ხანძრის ჩაქრობა გააკონტროლოს.
რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი ხანძის ჩასაქრობად დამატებით სახსრებს გამოყოფს.
მან ხანძარს რთული ვითარება უწოდა და აღნიშნა, რომ პროგნოზი არასახარბიელოა.
31 ივლისის მდგომარეობით, რუსეთში ტყის ხანძრების საერთო ფართობი სამ მილიონ ჰექტარამდე გაიზარდა. ხუთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ყველაზე რთული ვითარება ირკუტსკის ოლქში (137 ხანძარი) და კრასნოიარსკის მხარეშია (94 ხანძარი). რეგიონის ჩრდილოეთით გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, საგანგებო სიტაციების სამინისტროს თვითმფრინავები მონაწილეობენ. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კვამლმა ციმბირისა და ბაიკალის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, რის გამოც დასახლებების მაცხოვრებლებს ნიღბებს ურიგებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად