ტრამპის მრჩეველი: აშშ ავღანეთში სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას გეგმავს

2020 წელს, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში ამერიკელი სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას გეგმავს, იმის მიუხედავად, მიაღწევს თუ არა შეერთებული შტატები რადიკალურ მოძრაობა “თალიბანთან” რაიმე შეთანხმებას,-ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ო’ბრაიენმა პორტალ Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

“კვლავ იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც “თალიბანთან” მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ავღანეთის ძალები უკეთესად მუშაობენ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ავღანეთში ჩვენი სამხედრო ძალების რაოდენობის შემცირებას შევძლებთ, იმის მიუხედავად, მივაღწევთ თუ არა “თალიბანთან” რაიმე შეთანხმებას”,-განაცხადა რობერტ ო’ბრაიენმა.

კითხვაზე საპასუხოდ, შესაძლებელია თუ არა “თალიბანთან” აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ხელშეკრულება გაფორმდეს, ო’ბრაიენმა განაცხადა: ”ვფიქრობ, რომ წელს, ალბათ, გარიგება გაფორმდება”.

”ჩვენ შეთანხმებაზე ვმუშაობთ, რაც კარგი გარიგება უნდა იყოს”, – დასძინა დონალდ ტრამპის მრჩეველმა.

“საბოლოოდ, ავღანეთში მშვიდობას თავად ავღანელებმა უნდა მიაღწიონ”,-აღნიშნა ო’ბრაიენმა.

მედიაში არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს ამერიკული სამხედრო ძალების ავღანეთიდან მთლიანად ან ნაწილობრივ გაყვანა სურს. კერძოდ, დეკემბერში NBC News-ი წერდა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავღანეთიდან ოთხი ათასი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად