ტრამპი: თუ ჩინეთის ხელისუფლება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს, შესაძლოა ჩვენს შეთანხმებას საფრთხე შეექმნას

აშშ-სა და ჩინეთს შორის გარიგებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას, თუკი ჩინეთის ხელისუფლება ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეების წინაღმდეგ ძალას გამოიყენებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ ჯერსის შტატში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

”ვფიქრობ, თანამშრომლობა რთული იქნება, თუ ძალადობის შემთხვევები გამოვლინდება. ვგულისხმობ ისეთ ვითარებას, როგორიც მაგალითად, ტიანანმენის მოედანზე (1989 წლის ივნისში, ჩინეთის ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ტანკები გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა.-აიპრესი) იყო ”,- განაცხადა ტრამპმა.

15 აგვისტოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა “ტვიტერის” საშუალებით, ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვედრა და ჰონგ- კონგში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვა შესთავაზა.

1 ივლისს, ჰონგ-კონგში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. მოგვიანებით, ჰონგ კონგის პოლიციამ შენობა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლა.

14 აგვისტოს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ჰონგ-კონგში არსებულ ვითარებაში ჩარევისგან თავი შეიკავოს, რადგან “ეს ჩინეთის შიდა საქმეა”.

იმავე დღეს, ჰონგ-კონგში, პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წიწაკის სპრეი და ხელკეტები გამოიყენა. აქციის მონაწილეები ჰონგ-კონგის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში იყვნენ შეკრებილები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...