ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის დღეს შემდგარი გაცვლა მშვიდობისკენ გადადგმული გიგანტური ნაბიჯია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, უკრაინასა და რუსეთს შორის დაკავებულების გაცვლას მშვიდობისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი უწოდა. ამის შესახებ იგი თავის Twitter-ზე წერს.

„ძალიან კარგი სიახლეა. შესაძლოა, ეს მშვიდობისკენ გადადგმული პირველი გიგანტური ნაბიჯია. ვულოცავ ორივე მხარეს!“ – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთმა და უკრაინამ „35-35-ზე“ ფორმატში დაკავებულებისა და პატიმრების გაცვლა განახორციელეს. უკრაინას დაუბრუნდა რეჟისორი ოლეგ სენცოვი და 24 მეზღვაური, რომლებიც ყირიმის საზღვართან რუსულმა მხარემ 2018 წელს დააკავა. მათი სრული სია კი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი სამშობლოში დაბრუნებულების თავის სიას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

კიევის აეროპორტ „ბორისპოლში“ გათავისუფლებულებს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი დახვდა. მან განაცხადა, რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ესაუბრა.

„ჩვენ დიალოგის განბლოკვის პირველ ეტაპზე და ომის შეწყვეტის შესახებ მოვილაპარაკეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვლადიმირ პუტინი კი, მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვოში“, სადაც რუსი გათავისუფლებულები ჩავიდნენ, არ მივიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...