ტრამპი მისი იმპიჩმენტის თაობაზე მოსმენებზე: ”მშვენიერი დღე რესპუბლიკელებისთვის, შესანიშნავი დღე ჩვენი ქვეყნისთვის”

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ “ტვიტერზე” მისი იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში კონგრესში გამართულ მოსმენებს გამოეხმაურა და დასძინა, რომ “რესპუბლიკელებისთვის შესანიშნავი დღეა”.

“მშვენიერი დღე რესპუბლიკელებისთვის, შესანიშნავი დღე ჩვენი ქვეყნისთვის!”,-დაწერა ტრამპმა ორი მოსმენის დასრულების შემდეგ.

ოთხმა მოწმემ სადაზვერვო კომიტეტის წინაშე ჩვენება მისცა. მათი მოსმენა სულ 11 საათს გაგრძელდა.

პირველ მოსმენაზე ჩვენება პოლკოვნიკმა ალექსანდრე ვინდმანმა მისცა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი. მეორე მოწმე ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯენიფერ უილიამსი იყო. ორივე მოწმემ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შორის გამართულ სატელეფონო საუბარს “უჩვეულო” და “არასწორი” უწოდა. მოგვიანებით, სიტყვით უკრაინის საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერიც გამოვიდა.

გასულ კვირას დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში, საკითხის საჯარო განხილვა დაიწყო.

2019 წლის შემოდგომაზე შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის გამო, პოლიტიკური სკანდალი დაიწყო.

ამის მიზეზი მედიაში გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომ ტრამპმა სავარაუდოდ, ზელენსკიზე ზეწოლა მოახდინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჯო ბაიდენის, ასევე მის ვაჟის ჰანტერის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულიყო. სავარაუდოდ, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა შეაჩერა, რათა ამით უკრაინის ლიდერზე ზეწოლა მოეხდინა.

”უკრაინული სკანდალის” შედეგად, წარმომადგენელთა პალატაში, დემოკრატებმა 24 სექტემბერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში გამოძიება დაიწყეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად