ტრამპი: მიგრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ცრემლსადენი გაზი ძალიან უსაფრთხოა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკის საზღვართან მიგრანტთა ნაკადის წინააღმდეგ, რომელთა შორის ბავშვები იყვნენ, გამოყენებული ცრემლსადენი გაზი “ძალიან უსაფრთხოა”. სააგენტო Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ მან მისისიპის შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე იმ მშობლებს მიმართა, რომელთა შვილების წინააღმდეგ გაზი გამოიყენეს.

“რატომ გარბიან მშობლები ისეთ ადგილას, სადაც, მათ იციან, რომ შვილებთან ერთად ცრემლსადენი გაზი იქნება გამოყენებული?”,-აღნიშნა  ტრამპმა.

როგორც აშშ-ს ლიდერმა დასძინა, ზოგიერთი ბავშვს თან ნამდვილი მშობელი არ ახლდა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მათ რეალურად სპეციალური სტატუსის მიღება  და ამერიკაში თავშესაფარი სურთ.

მიუხედავად ამისა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საზღვარზე გამოყენებული  ცრემლსადენი გაზი ძალიან სუსტია და ბავშვთა და მოზარდთათვის “ძალიან უსაფრთხოა”.

მექსიკისა და შეერთებული შტატების საზღვარს ჰონდურასელი მიგრანტები ოქტომბრის შუა რიცხვებში მიუახლოვდნენ. ისინი ამერიკის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მიღებას ელიან. როდესაც მიგრანტთა ჯგუფი აშშ-ს საზღვარს მიუახლოვდა, ტრამპმა სასაზღვრო ზონაში ეროვნული გვარდიის მებრძოლები გაგზავნა, ხოლო 22 ნოემბერს მან ხელი მოაწერა ბრძანებას, მექსიკის საზღვრის დახურვის შესახებ. სამხედროებს ასევე საჭიროების შემთხვევაში  იარაღის გამოყენების უფლება ეძლევათ.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...