ტრამპი და პუტინი ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართული შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნისა და მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესებში შედის. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ „ტვიტერზე“ გავრცელდა.

შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა, სახელმწიფოს მეთაურებმა ირანის, სირიის, ვენესუელისა და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება განიხილეს.

განხილვის კიდევ ერთი თემა იარაღის კონტროლის საკითხი იყო. პუტინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ მხარეები ამ თემას განიხილავენ. ამავდროულად, აშშ იმედოვნებს, რომ ჩინეთი მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.

მოლაპარაკებებში ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი, ასევე ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი მონაწილეობდნენ.
რუსეთის მხარიდან შეხვედრაში მონაწილეობდა პუტინის თანაშემწე იური უშკაკოვი, პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.
პუტინმა და ტრამპმა პირველად პირისპირ გასული წლის ივლისში ისაუბრეს, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ფინეთის დედაქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ. საუბრის დაწყებამდე ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი მისთვის დიდი პატივი იყო. “ჩვენ ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი, მათ შორის სავაჭრო და განიარაღების საკითხები”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად