ტრამპი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ პუტინი G7-ის სამიტზე მიიწვიონ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ს ლიდერი დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი 2020 წელს, “დიდი შვიდეულის” (G7) სამიტზე მიიწვიონ. ინფორმაციას CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ამერიკის ადმინისტრაციაში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ტელეარხს განუცხადა, ტრამპი და მაკრონი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ რუსეთი 2020 წელს სამიტზე მიიწვიონ.

წყაროს ცნობით, წინადადება საფრანგეთის ლიდერს ეკუთვნის, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა მის შეთავაზებას მხარი დაუჭირა. ტელეარხის ცნობით, დონალდ ტრამპი ამ თემის განხილვას სხვა ლიდერებთან მიმდინარე კვირის ბოლოს გეგმავს.

წინა დღით, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ რუსეთის მონაწილეობით “დიდი რვიანის” ფორმატი უფრო მიზანშეწონილია. აშშ-ს ლიდერმა აღნიშნა, რომ G8- ის დაშლაში მისი წინამორბედი, ბარაკ ობამაა დამნაშავე.

19 აგვისტოს,  პუტინსა და მაკრონს შორის, ფორტ ბერგანსონის რეზიდენციაში მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სირიაში არსებული ვითარება და ირანის გარიგება განიხილეს, ასევე უკრაინასთან დაკავშირებით “ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრის გამართვა. კრემლში ლიდერთა შეხვედრა დადებითად შეაფასეს. მოგვიანებით, ემანუელ მაკრონმა “ფეისბუქზე” რუსულენოვანი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან რუსეთს ”ღრმად ევროპული ქვეყანა” უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პარიზს შორის ბევრ საკითხში პროგრესი შეინიშნება.

G8-ის ფორმატი, რომელიც 1998 წლიდან არსებობს, G7–ით შემცირდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. აღნიშნულის შემდეგ, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ სოჭში გამართულ სამიტზე არ წასულიყვნენ. ასევე, მსოფლიო ლიდერები ბრიუსელში რუსული მხარის გარეშეშეიკრიბნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...