ტრაგედია გლდანის მეექვსე მიკროში (ფოტორეპორტაჟი)

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში დღეს ტრაგედია დატრიალდა. კორპუსში, სავარაუდოდ გაზის აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და ამ დროისთვის კიდევ ერთ ქალბატონს ნანგრევებში ეძებენ.

მოხდებოდა თუ არა ტრაგედია, თუ… მოვლენების შესაძლო განვითარების თაობაზე მსჯელობდა მთელი უბანი. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ თუ ბინას ჰერმეტულად არ დაკეტავდნენ, ტრაგედია არ მოხდებოდა. ზოგიერთი კი ტრაგედიას მეტალოპლასტმასის ფანჯრებს(იზოლაციის თვალსაზრისით) აბრალებდა. მეზობლების უმრავლესობის და რიგი მაშველების ვერსიით, მეხუთე სართულზე, ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და ჰერმეტულობის გამო, კარის გაღებისას მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად სადარბაზოს ჯერ მეექვსე და შემდეგ მეხუთესთან ერთად მეოთხე სართული ჩამოინგრა.

დღევანდელ ამბავში საინტერესოა ისიც, რომ გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმეჯერ მიაწოდა.

"აიპრესთან" საუბრისას კორპუსის მაცხოვრებლები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ გაზის სუნი რამდენიმე კვირის წინ იგრძნობოდა. მეტიც, არც ერთმა მათგანმა არ უარყო, რომ გაზის სუნი ბოლო 1 თვის განმავლობაში მათ კორპუსში იგრძნობოდა. მოსახლეობა ასევე ერთხმად აცხადებდა, რომ შეტყობინებები 112-ს და "ყაზტრანსგაზს" არაერთგზის მიაწოდეს.

"ჩვენთანაც იყო, დედაჩემიც იძახოდა ამას. გაზის სუნი იყო საშინელი, ჩიოდა ხალხი და არავინ არ მოდიოდა, არც ყურადღება არაფერი. დედაჩემმა დარეკა, ხალხმა, სხვებმაც დარეკეს 112-ში… სხვებმა ყაზტრანსგაზში დარეკეს და მისულებიც იყვნენ რამდენიმე დღის წინ",-განაცხადა გლდანის მეექვსე მიკროს მესამე კორპუსის მაცხოვრებელმა თეიმურაზ ალიევმა.

აღნიშნული ინფორმაცია "აიპრესთან" საუბრისას უარყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა და აღნიშნა, რომ მეექვსე მიკროდან შეტყობინება არ მიუღიათ.

"112 -ში სახანძრო-სამაშველო კუთხით შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ გამოძახება არ ყოფილა. გამოძახებიდან ზუსტად 5 წუთში ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველოს პირველი დანაყოფები და მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე წუთში გამოცხადდა სრული მობილიზება და გამოვცხადდით აფეთქების ადგილას", – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა. 

საინტერესოა ასევე მეოთხე სართულზე მცხოვრები ლევანის ისტორია. მეხუთე სართულზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, მან საკუთარი მცირეწლოვანი შვილის და ცოლის ბინიდან გაყვანა მოასწრო და თვითონ ბინაში დარჩა, რა დროსაც ჭერი ჩამოინგრა. ამ დროისთვის სწორედ ლევანის დედას ეძებენ ნანგრევებში მაშველები, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად ამას ვერც ადასტურებენ, ვერც უარყოფენ.

ალეკო შარვაძის ფოტოები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...