A2 ბანერი
A2 ბანერი

ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი დღეს დაიხურება

ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმის საზეიმო დახურვა გაიმართება დღეს, 3 ნოემბერს, 19:00 საათზე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 

გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და უცხოური ანსამბლები. ღონისძიებაზე სიმპოზიუმის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ მერვე სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული.

2018 წლის 30 ოქტრომბრიდან 3 ნომბრის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტრადიციული მრავალხმიანობის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდა.
სიმპოზიუმში მონაწილეობდა 47 მეცნიერი მსოფლიოს 16 ქვეყნიდან, ამათგან 15 – საქართველოდან. სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიებს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ხალხური მრავალხმიანობის კონცერტები, რომლებიც კონსერვატორიის დიდ და მცირე დარბაზებში გაიმართა.
სპეციალურად სიმპოზიუმისთვის თბილისში ჩამოვიდა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებელი 6 უცხოური (საფრანგეთი, კანადა, ლატვია, ავსტრალია, ჩეხეთი, იტალია) ანსამბლი. მიმდინარე წელს საკონცერტო პროგრამა დაეთმო თბილისურ ფოლკლორს ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობით, აგრეთვე, ფოლკლორის თანამედროვე ინტერპრეტაციას პროფესიულ და პოპულარულ მუსიკაში.
ტრადიციული მრავალხმიანობის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი მიეძღვნა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

2001 წელს იუნესკოს მიერ ქართული პოლიფონიის კაცობრიობის არამატერიალურიკულტურული მემკვიდრეობის შედევრად გამოცხადებამ ახალი სიცოცხლე შთაბერა თბილისის კონსერვატორიაში 80-იანი წლებიდან დაწყებულ საერთაშორისო კონფერენციებს, რომელთაც 2002 წლიდან ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმის სახელწოდებით გააგრძელეს არსებობა.
თბილისის სიმპოზიუმები წარმოაჩენენ მსოფლიო მრავალხმიანობის კვლევის თანამედროვე ტენდენციებს და ხელს უწყობენ ქართული ეთნომუსიკოლოგიის ინტეგრაციას დასავლურ ეთნომუსიკოლოგიურ მეცნიერებასთან. მათ უდიდესი როლი შეასრულეს ქართული პოლიფონიის კვლევისადმი უცხოელი მეცნიერების ინტერესის გაღვივებაში, რომლებიც ერთხმად აღიარებენ მისგანსაკუთრებულ ადგილს მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ კულტურაში.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

კომენტარები
იტვირთება...