ტყეების განადგურება უნდა შეწყდეს!- ცნობილი ადამიანები ამაზონის ხანძარს ეხმაურებიან

ბრაზილიაში, ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი, ლეონარდო დიკაპრიო Instagram-ზე გამოეხმაურა.

„საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ პლანეტის ყველაზე დიდი ტყე ამაზონი, რომელიც დედამიწაზე ჟანგბადის 20% -ს წარმოადგენს და ფაქტობრივად, მსოფლიოს ფილტვებია, ბოლო 16 დღეა იწვის. თითქმის არცერთი მედია აშუქებს! რატომ?“,-წერს მსახიობი Instagram-ზე.

ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება ასევე ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნჰენი. Instagram-ის გვერდზე ის წერს:

„ტყე მნიშვნელოვან როლს ასრულებს დედამიწის კლიმატის დაბალანსებაში და, შესაბამისად, ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ არ შეგვიძლია თვალები დავხუჭოთ იმაზე, რაც ამაზონში ხდება. ბოლო დღეებში გაზრდილმა ხანძრის მასშტაბმა ყველაფერი გაანადგურა, რასაც ბუნებაში წლები, საუკუნეები სჭირდება. მე იქ დიდი დრო გავატარე და კარგად დავინახე როგორ ხდება ყველაფერი, განსაკუთრებით ის, თუ როგორ იყენებენ მედროვეები მშრალ სეზონს ტყის განადგურების და გასუფთავების მიზნით…. ჩვენი და ჩვენი პლანეტის ჯანმრთელობისთვის ამაზონში ტყეების განადგურება უნდა შეწყდეს!“.

BBC-ის ცნობით, ამაზონის ტყეში ხანძარი უკვე 16 დღეა გრძელდება. პლანეტის ყველაზე დიდ ტყეში ხანძრის რაოდენობა გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა. ხანძრის დიდი ნაწილის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ ადამიანები არიან.

ბრაზილიის სახელმწიფო კოსმოსური ცენტრი INPE იტყობინება, რომ ბრაზილიაში ტყის ხანძრის რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან სააგენტომ 70 ათასზე მეტი კერა დაარეგისტრირა, ხოლო გასული კვირის ხუთშაბათიდან თანამგზავრის საშუალებით 9,507 ახალი ხანძარი დააფიქსირეს.

როგორც სააგენტო წერს, ეს შარშანდელთან შედარებით, 83% -ით მეტია. ხანძრის კერების უმეტესობა ამაზონის აუზშია განლაგებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად