ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლების სამხრეთით, ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩატარებული სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები თელავის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. ამის შესახებ “აიპრესს” თელავის მერიაში განუცხადეს.

ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მიაკვლიეს.

“სხვადასხვა სახის ნაგებობები აღმოვაჩინეთ, მათ შორის გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანის სადგომები, გალავნები, მარცვლეულის შესანახი ხარო, ქრისტიანული პერიოდის ხუროთმოძღვრული ძეგლები, განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა, რკინის ისრის პირები, ლოდსატყორცნის ქვა (ჭურვი) და ა.შ. ექსპედიციისას აღმოჩენილი ექსპონატები არქეოლოგიურ მასალებთან ერთად, თელავის ისტორიული მუზეუმის საექსოპოზიციო დარბაზში განთავსდება და მათი ნახვა დამთვალიერებელს უახლოეს პერიოდში შეეძლება” – განუცხადა “აიპრესს” გაგნიძემ.

ცნობისათვის, ტყე-ტბა გულგულას ნაქალაქარს დეკემბერში მიაკვლიეს. ტყე-ტბა გულგულა მე-11 საუკუნის ცნობილ ისტორიკოსს, ლეონტი მროველს თავის ნაწერებში აქვს მოხსენიებული. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ეს ტერიტორია შესაძლოა კახეთ-ჰერეთის საზღვარი იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...